ახალი ამბები

„თან ჩვენი სისხლით ტერიტორიების დაბრუნება სურთ, თან სააკაშვილს აბუჩად იგდებენ“ — დანილოვი ზურაბიშვილს

2 თებერვალი, 2023 • 854
„თან ჩვენი სისხლით ტერიტორიების დაბრუნება სურთ, თან სააკაშვილს აბუჩად იგდებენ“ — დანილოვი ზურაბიშვილს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ საქართველოს სურს უკრაინის გამარჯვებით ისარგებლოს მაშინ, როცა დახმარებაზე უარს ეუბნებიან, მათ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს კი აბუჩად იგდებენ:

„მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელსაც სჯერა, რომ ჩვენ რუსეთთან რაიმე სახის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს. მას სურს, რომ ამ შეთანხმებაში ჩვენ შევიყვანოთ საქართველოს ის ტერიტორიები, რომელთა ოკუპაციაც რუსეთმა 2008 წელს მოახდინა. მაგრამ მაშინ, როცა ჩვენ მარტში ქართველ ძმებს დახმარება და ერთობლივად მუშაობა ვთხოვეთ, მაშინ იგივე პირები გაჩუმდნენ და შენიშვნაც მივიღე, რომ მათ შიდა საქმეებში ვერეოდი,“ – ამბობს ოლექსი დანილოვი.

ამასთან, დანილოვი ხაზს უსვამს, რომ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებას პატიმრობაში ჰყავს უკრაინის მოქალაქე:

„ახლა მათ სურთ ჩაეჭიდონ ჩვენს გამარჯვებას და მიიჩნევენ, რომ ეს აუცილებელია. შეიძლება, მართლაც აუცილებელია, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს ადამიანებივით უნდა მოექცნენ. მინდა შეგახსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ციხეშია. გამოიჩინონ მცირე პატივისცემა, აბუჩად ნუ აიგდებენ და მისცენ შესაძლებლობა ჩვენს მოქალაქეს ჩამოვიდეს კიევში“ – აცხადებს ოლექსი დანილოვი.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აღნიშნავს, რომ მას არ ესმის როგორ სამყაროში ცხოვრობს საქართველოს ხელისუფლება და აცხადებს, რომ მათ, ერთი მხრივ, უკრაინელთა სისხლით საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება სურთ, მეორე მხრივ კი აბუჩად იგდებენ მათ მოქალაქეებს:

„არ ვიცი როგორ სამყაროში ცხოვრობენ ეს ადამიანები. ერთი ხელით სურთ საკუთარი ტერიტორიები ჩვენი სისხლით დაიბრუნოს და მეორე მხრივ, აბუჩად იგდებენ ჩვენს მოქალაქეებს. ეს მიუღებელია“ – აცხადებს დანილოვი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1 თებერვალს განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს დაასრულებს, უნდა დაავალდებულოს მოსკოვი, საქართველოს ოკუპაციაც შეწყვიტოს.

„რუსეთმა უნდა ისწავლოს, სადაა მისი საზღვრები. საქართველოს საკითხიც უნდა იყოს დაყენებული, ვინაიდან არავინ უნდა ფიქრობდეს, რომ ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ რუსეთმა ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ დატოვოს“, – უთხრა მან „ბლუმბერგს“.

მისი თქმით, „რუსეთმა პრაქტიკულად წააგო ბრძოლები, თუ მთლიანი ომი არა“, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების სრულად დატოვების მოთხოვნაზე უარი თქმა დასავლეთის „მორიგი დიდი შეცდომა“ იქნება, „ისეთივე დიდი, როგორც 2008 [რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ] და 2014 [ყირიმის ანექსია] წლებში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი