ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალშიც აცხადებენ, რომ არ შეუშვებენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს

1 თებერვალი, 2023 • 3132
ცხინვალშიც აცხადებენ, რომ არ შეუშვებენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს

სოხუმის შემდეგ, ცხინვალშიც განაცხადეს, რომ აღარ შეუშვებენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს [ევროკავშირი, გაერო, ეუთო] 7 თებერვალს დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრის გასამართად.

მოსკოვისა დ სოხუმის განცხადებების იდენტურად, ოსური მხარეც აცხადებს, რომ მათთვის მიუღებელია ჟენევაში 21-22 თებერვალს დაგეგმილი მორიგი რაუნდის გადადება [4-5 აპრილი] მხარეებთან კონსულტაციის გარეშე და, შესაბამისად, ვერც ცხინვალში მიიღებენ თანათავმჯდომარეებს.

ცხინვალის განცხადებითვე, ჟენევაში შეხვედრები საქართველოსთან პირდაპირი დიალოგისთვის ერთადერთი პლატფორმაა და მისი რეგულარული გადადებით საფრთხეები იზრდება რეგიონის სტაბილურობისთვის.

გუშინ, 31 იანვარს, მოსკოვში და სოხუმში გაკეთდა იდენტური განცხადებები იმის შესახებ, რომ მიუღებელია თანათავმჯდომარეების ერთპიროვნულად  მიღებული გადაწყვეტილებები გადადებასთან დაკავშირებით.

რუსული მხარის ცნობით, 3 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრები მოსკოვმაც გააუქმა.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა უკანასკნელ დროს, როდესაც თანათავმჯდომარეები ცალმხრივ გადწყვეტილებას იღებენ ყველანაირი ობიექტური მიზეზისა და მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა. თანავმჯდომარეების მსგავსი ქმედებები ანგაჟირებულ ხასიათს ატარებს, ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების მუშაობას ხელს უშლის და რეგიონის სტაბილურობას დამატებით საფრთხეებს უქმნის”, – განაცხადა ინალ არძინბამ, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

2022 წელს, უკრაინის ომის ფონზე, ჟენევაში დაგეგმილი შეხვედრები რამდენჯერმე გადიდო, თუმცა თანათავმჯდომარეები მაინც შეხვდნენ მხარეებს თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში. ამის მიუხედავად, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს, ევროკავშირსა და შვეიცარიას ჟენევის დისკუსიების ჩაშლა სურთ.

შესაბამისად, მისი თქმით, აფხაზურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრებისთვის, 8-9 თებერვალს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა დელეგაცია არ დაუშვას.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები, მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი