ახალი ამბები

საგარეო პოლიტიკა ახალ გამოწვევად იქცა | ანგარიში

1 თებერვალი, 2023 • 787
საგარეო პოლიტიკა ახალ გამოწვევად იქცა | ანგარიში

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) წარადგინა.

საქართველოს მმართველობის ინდექსი განსაზღვრავს როგორც ქვეყნის მიღწევებს, ისე არსებულ გამოწვევებსა და რისკებს. ინდექსი მიმოიხილავს საქართველოს შედეგებს მმართველობის ოთხ სფეროში:

  • დემოკრატიული მმართველობა,
  • ეფექტიანი მმართველობა,
  • სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა,
  • საგარეო მმართველობა.

ანგარიშში საქართველოს საქმიანობა საშუალოზე დაბალი შეფასებით ფასდება მმართველობის ოთხივე მიმართულებით. ქვეყნის მონაცემები განსაკუთრებით სუსტია დემოკრატიული მმართველობის კატეგორიაში, ინდექსის სათავეშია სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა საშუალოზე დაბალი ქულებით.

ანგარიშში ოთხივე მიმართულებით ყველაზე სერიოზულ პრობლემად სასამართლო ხელისუფლება იქნა დასახელებული, თუმცა 2021 წლისგან განსხვავებით, 2022 წლის ექსპერტთა გამოკითხვაში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრობლემები დომინირებდა. ინდექსის თანახმად, მთავარი ცვლილებები სწორედ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჩანს, რომლებიც გამომდინარეობს უკრაინაში რუსეთის შეჭრისგან და მის შედეგებზე საქართველოს ნახევრად ოპტიმალური რეაგირებისგან, რის შედეგადაც საგარეო პოლიტიკის საკითხები გამოწვევების სიასა და 2023 წელს გადასადგმელ ნაბიჯებში დაწინაურდა.

ყველა კატეგორიაში შვიდი ყველაზე ხშირად ნახსენები გამოწვევიდან ოთხი საგარეო მმართველობას ეხება: ურთიერთობების გაუარესება სტრატეგიულ პარტნიორებთან (ევროკავშირი, აშშ), რუსეთიდან მომდინარე რისკების მართვა, წარუმატებლობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში წინსვლის არარსებობა და ასევე, „ასოცირებული ტრიოს“ შესუსტება და უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭება.

დემოკრატიული მმართველობა — 20 ქულა (100-დან)

საქართველოს მმართველობის ინდექსის თანახმად, წინა წლის მსგავსად, დემოკრატიული მმართველობა  კვლავ უსუსტესი რგოლია. მან ექსპერტთა გამოკითხვაში 100-დან 20 ქულა მიიღო.

„მწვავე პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ფონზე მიმდინარე განგრძობადი პოლიტიკური კრიზისი, მართლმსაჯულების რეფორმის მუდმივი ჩავარდნა, ძალადობა ჟურნალისტებზე და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერ მიღება დემოკრატიის უკუსვლის გამო იმ გამოწვევებს შორისაა, რომელთა წინაშეც დემოკრატიული მმართველობა წლის განმავლობაში იდგა“, — ნათქვამია ანგარიშში.

უკვე მეორე წელია, რაც მართლმსაჯულების უზრუნველყოფას და ჩავარდნილ სასამართლო რეფორმას მმართველობის ყველა კატეგორიას შორის ყველაზე პრობლემურ მიმართულებად მიიჩნევენ როგორც ამ ანგარიშის ავტორები, ისე გამოკითხული ექსპერტები. გარდა ამისა, გასული წლის მსგავსად, გამოკითხულმა ექსპერტებმა სასამართლო რეფორმა 2022 წლის ყველაზე მწვავე პრობლემად დაასახელეს.

GGI ექსპერტთა რეიტინგში მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა სამოქალაქო საზოგადოების კატეგორიამ, რაც GIP-ის შეფასებით, შესაძლოა განპირობებული იყოს მზარდი პოლარიზაციითა და პოლიტიკური რადიკალიზაციით, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზების პოლიტიკით, რომელიც მათ ეფექტიან მუშაობას აფერხებს და მათი, როგორც ნეიტრალური აქტორების იმიჯს ძირს უთხრის.

დემოკრატიული მმართველობის სხვა ძველ და ახალ გამოწვევებს შორისაა პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, ერთპარტიული მმართველობა, შეკავების და გაწონასწორების მექანიზმების სისუსტე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ახალი საკამათო ცვლილებები ფარული მიყურადების და თვალთვალის შესახებ.

რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც 2022 წელს გადაიდგა, ანგარიშის თანახმად, მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებებს გენერალური პროკურორის არჩევის წესში და საარჩევნო კანონში, მათ შორის 2024 წლიდან ელექტრონული ხმის მიცემის შესახებ.

ეფექტიანი მმართველობა — 35 ქულა (100-დან)

ეფექტიანი მმართველობის კატეგორიაში მთავარ გამოწვევებს შორისაა დასახელებული არაფორმალური მმართველობა, ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა, ხელისუფლების უუნარობა, გაავრცელოს ძალაუფლებაზე სახელმწიფოს მონოპოლია საზოგადოების ყველა სეგმენტზე (ეკლესია და ულტრამემარჯვენე ჯგუფები) და პროგრესის არარსებობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

GGI ექსპერტთა გამოკითხვაში არაფორმალურმა მმართველობამ ყველაზე დაბალი ქულა მიიღო ყველა ქვეკატეგორიას შორის (100-დან მხოლოდ 2.5 ქულა). ანგარიშში აღნიშნულია, რომ თუ წინა წლებში არაფორმალური მმართველობა ძირითადად ქვეყნის შიდა პრობლემად რჩებოდა, 2022 წელს მან საერთაშორისო ხასიათიც შეიძინა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ახლა, სხვა საკითხებთან ერთად, ოლიგარქიული მმართველობის დამარცხებაზეა დამოკიდებული.

ამ კატეგორიაში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა რიგით მეორე სერიოზულ პრობლემად არის დასახელებული, თუმცა დადებით ნაბიჯად ჩაითვალა ბიუროკრატიული კორუფციის წინააღმდეგ აღსრულების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენება.

ეფექტიანი მმართველობის ყველა ინდიკატორს შორის ყველაზე მაღალი ქულა (100-დან 50), გასული წლის მსგავსად, საჯარო სერვისების მიწოდებამ  მიიღო.

სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა — 45 ქულა (100-დან)

მმართველობის ინდექსის მოწინავე სფერო, მაგრამ გამოწვევებით, სოციალურ-ეკონომიკური მმართველობაა.

ამ კატეგორიაში აღნიშნულია ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რასაც თან ახლდა მზარდი ინფლაცია და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ექსპერტთა გამოკითხვის მიხედვით, სოციალურ-ეკონომიკური მმართველობის მთავარ გამოწვევებად კვლავ რჩება სოციალური დაცვის პოლიტიკა, მზარდი უთანასწორობა, რუსეთიდან გაზრდილი მიგრაციის სოციალური შედეგები და მზარდი ფასები მედიკამენტებზე. მეორე მხრივ, DRG სისტემის შემოღება ერთხმად იქნა შეფასებული, როგორც 2022 წელს მთავარი წინ გადადგმული ნაბიჯი.

საგარეო მმართველობა – 35 ქულა (100-დან)

2022 წელს საგარეო მმართველობის GGI ქულა 45-დან 35-მდე შემცირდა.

„როგორც ჩანს, ქვეყანამ ვერ შეძლო, სათანადოდ ემოქმედა რუსეთ-უკრაინის ომისა და ევროპაში გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებიდან მომავალი რისკების მართვისა და შესაძლებლობების გამოყენების კუთხით. მთავარი პოზიტიური მოვლენა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა იყო. სხვა პოზიტიურ მოვლენებს შორის იყო საქართველოს მიერ შესრულებული როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის პროცესში, ასევე, საქართველოს სატრანზიტო და ენერგეტიკული პოტენციალის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდა რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური კონკურენციის პირობებში. მთავარ გამოწვევებად დასახელდა საქართველოს კონფრონტაციული კურსი უკრაინასა და დასავლეთთან, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერ მიღება და რუსეთთან დაკავშირებულ უსაფრთხოების რისკებზე არასათანადო რეაგირება“, — ნათქვამია ანგარიშში.

GGI ექსპერტების გამოკითხვის თანახმად, 2023 წელს საგარეო მმართველობის გასაძლიერებელ მთავარ რეკომენდაციებს შორისაა დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და გაღრმავება, „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატის გაძლიერება და ურთიერთობების გაუმჯობესება უკრაინასთან, ასევე, ევროკომისიის წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულება.

მეთოდოლოგია

საქართველოს მმართველობის ინდექსს (GGI) საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია აქვეყნებს.

მეთოდოლოგიური თვალსაზრისით GGI ეყრდნობა კვლევის რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებს და ეპისტემოლოგიას. შეფასების სისტემა ეფუძნება GGI ექსპერტთა გამოკითხვას, რომელშიც სხვადასხვა სფეროში მომუშავე 40 ექსპერტი მონაწილეობდა. რაოდენობრივი კვლევა ივსება თვისებრივი ანალიზით, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) გუნდმა ჩაატარა.

საქართველოს მმართველობის ინდექსი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი