ახალი ამბები

ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს რეანიმაციაში გადაყვანა ექიმებმა შესთავაზეს და დათანხმდა

31 იანვარი, 2023 • 1086
ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს რეანიმაციაში გადაყვანა ექიმებმა შესთავაზეს და დათანხმდა

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეანიმაციაში გადაყვანაზე შეთავაზება ექიმებისგან მიიღო და თანხმობა განაცხადა.

ხაჭაპურიძის თქმით, ახლა სააკაშვილი ელოდება, როდის გადაიყვანენ რეანიმაციაში.

„მე ვნახე სააკაშვილი, უკეთდებოდა გადასხმა, ექთანი შემოვიდა. მერე თვითონ ბატონ მიხეილს ვკითხე, რა ხდება-მეთქი და მითხრეს, რომ გადასაყვანი ხარო და მე თანხმობა განვუცხადეო, ველოდები, როდის შემომაკითხავენ და გადამიყვანენო. მან იცის, რომ დღეს უნდა გადაიყვანონ.

თვითონ კლინიკა კარგად მექცევაო, ყურადღებით მექცევიანო, გულისხმიერადო, ეს მითხრა და შემომთავაზესო. ადმინისტრაციის წარმომადგენელი მე ვერ ვნახე. როგორც თვითონ მითხრა, [მიზეზი გახდა] სხეულის მასის ინდექსი. ვიზუალურად აღწერაც არ მინდა, ასე სუსტად მე არ მინახავს არასდროს. მე და ბატონი ილია [ლომია] ვიყავით და ის დაეხმარა, რომ მეორე ოთახში გასულიყო“,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილმა უარი თქვა ვენიდან კვებაზე და თქვა, რომ „საჭმელს ვიღებ და რატომ უნდა გადავისხაო“.


გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ, თუმცა კლინიკა “ვივამედში”, სადაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მკურნალობს, ცნობას არ ადასტურებენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილს რეანიმაციაში გადასაყვანად ამზადებენ, ჩალაძემ მედიას 31 იანვარს მიაწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი