საზოგადოება

“ვივამედში” არ ადასტურებენ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას

31 იანვარი, 2023 • 1266
“ვივამედში” არ ადასტურებენ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას

გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ, თუმცა კლინიკა “ვივამედში”, სადაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მკურნალობს, ცნობას არ ადასტურებენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილს რეანიმაციაში გადასაყვანად ამზადებენ, ჩალაძემ მედიას 31 იანვარს მიაწოდა.

“პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო, კრიტიკულ ზღვარზე. სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად საჭიროა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდეს რეანიმაციულ განყოფილებაში.

ამ წუთებში, ვიდრე ჩვენ საუბრობთ, მზადდება რეანიმაციული პალატა და ღონისძიებები, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე შენარჩუნდეს”, — დასძინა მან.

“ვივამედის” გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე უარყოფს აღნიშნულს.

“როცა გადაყვანას დავაპირებთ, აუცილებლად გავაგებინებთ… რაიმე ნაბიჯი ჩვენი მხრიდან ოდესმე ყოფილა, რომ დაგვიფარავს და არ გვითქვამს? თუ რამეს ვფარავთ და არ ვამბობთ, მხოლოდ პაციენტის პირად ინფორმაციას”, — დასძენს ის და ამატებს:

“ნებისმიერი ინფორმაცია შემდგომი ნაბიჯის შესახებ არასდროს დაგვიმალავს არავისთვის. შესაბამისად, თუ რეანიმაციაში გადაყვანის საჭიროება იქნება, მაგასაც გავაჟღერებთ და მაგასაც ვიტყვით… მივყვებით იმის მიხედვით, რასაც მისი[სააკაშვილის] ჯანმრთელობა და მისი პირადი ინტერესები მოითხოვს და არავისი სხვისი”.

“ნეტგაზეთის” დამაზუსტებელ კითხვას — “ანუ, ტყულია ეს ინფორმაცია?” — ნადირაძე პასუხობს:

“ეს, ნამდვილად, დღევანდელი, ახლანდელი მოცემულობით, არის ტყუილი”.

გიორგი ჩალაძე აქტიურად არის ჩართული მიხეილ საააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში. ამ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად შეხვედრებს ბრიუსელშიც მართავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი