ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს აფხაზეთში არ შემოვუშვებთ”

31 იანვარი, 2023 • 1459
“ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს აფხაზეთში არ შემოვუშვებთ”

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას განცხადებით, “ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი, რომელიც 2023 წლის 21-22 თებერვალს უნდა გამართულიყო, დისკუსიების თანათავმჯდომარეთა [ევროკავშირი, გაერო, ეუთო] ცალმხრივი გადაწყვეტილებით კვლავ გაუქმდა”.

2022 წელს, უკრაინის ომის ფონზე, ჟენევაში დაგეგმილი შეხვედრები რამდენჯერმე გადიდო, თუმცა თანათავმჯდომარეები მაინც შეხვდნენ მხარეებს თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში. ამის მიუხედავად, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს, ევროკავშირსა და შვეიცარიას ჟენევის დისკუსიების ჩაშლა სურთ.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა უკანასკნელ დროს, როდესაც თანათავმჯდომარეები ცალმხრივ გადწყვეტილებას იღებენ ყველანაირი ობიექტური მიზეზისა და მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა. თანავმჯდომარეების მსგავსი ქმედებები ანგაჟირებულ ხასიათს ატარებს, ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების მუშაობას ხელს უშლის, რეგიონის სტაბილურობას დამატებით საფრთხეებს უქმნის”, – ამბობს არძინბა.

შესაბამისად, დე ფაქტო მინისტრის თქმით, აფხაზურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრებისთვის, 8-9 თებერვალს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა დელეგაცია არ დაუშვას.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი არ გაუქმებულა და მხოლოდ გარკვეული დროით გადაიდო.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები, მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი