კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადმოცემით, გამთენიისას წამიერად დაკარგა წონასწორობა და დაეცა.
ჩხაიძის თქმით, როგორც მიხეილ სააკაშვილი თავად აცხადებს, დაცემისას თავი არ დაურტყამს და არც სხეულზე აღენიშნება დაზიანებები. ამასთან, ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აღარ უფიქსირდება კორონავირუსული ინფექცია, მისი მონაცემები ლაბორატორიული მონაცემების კუთხით გაუმჯობესებულია:
„ჩვენ გუშინ გავიმეორეთ PCR ტესტი და მივიღეთ უარყოფითი პასუხი. გუშინვე გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზი და უნდა ითქვას, რომ ლაბორატორიული მონაცემების კუთხით არის გაუმჯობესება. ჩვენ ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს, ექთანს, რომელიც იმყოფება იქვე.
უშუალოდ გონების დაკარგვა მათ ვერ დაინახეს. პაციენტის გადმოცემით, მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და, როგორც თავად ამბობს, დაეცა. ექთანმა პაციენტი უკვე საწოლში ნახა. მან განუცხადა ის, რაც მოხდა, როდესაც ის შევიდა ტუალეტში. არანაირი დაზიანებები არ აღენიშნება. როგორც თავად ამბობს, არც თავი დაურტყამს, უბრალოდ, ზურგით შეეხო კედელს“, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.