კომპანია „თბილისი მოლს“ ე.წ. დეზერტირების ბაზრობის ნაცვლად 2-სართულიანი სავაჭრო ცენტრის მოწყობა სურს. შესაბამისი განაცხდი კომპანიამ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბაზაში უკვე ატვირთა.
შპს „თბილისი მოლის“ ერთ-ერთი, 26%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.
რაც შეეხება სხვა მეწილეებს, 20%-ს ფლობს ლაერტი ზუბადალაშვილი, 10%-ს — რუსეთის მოქალაქე ილონა მეტრეველი, ხოლო 44%-ს — ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ჰოლდექს ინტერსეილს კორპი.
ამ ეტაპზე მერიის არქიტექტურის სამსახურთან პროექტის შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს, რაც არ ნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია.

„დეზერტირების ბაზრობაზე“ დაგეგმილი მშენებლობის ფოტომონტაჟი.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, შენობის სიმაღლე 15.4 მეტრია. თუ მშენებლობაზე ნებართვა გაიცა, „თბილისი მოლის“ გეგმის თანახმად, შენობის ფასადი ალუმინის ვიტრაჟებით მოეწყობა, შიგნით კი გათვალისწინებული იქნება კომერციული ფართების განლაგება.
ამჟამად „დეზერტირების ბაზრობის“ შენობა, რომელიც კომპანიის საკუთრებაა, ასე გამოიყურება:

„დეზერტირების ბაზრობის“ შენობა. ფოტო: თბილისი მოლი
რაც შეეხება ხვიჩა მაქაცარიას, ის არაერთი ბიზნესის მფლობელი ან მეწილეა, მათ შორის- „თელასის“, „თელმიკოსა“ და „თბილისი ენერჯის“. კერძოდ: „თელასის“ წილის 24.53%-ს ხვიჩა მაქაცარიას კომპანია „ბესტ ენერჯი გრუპი“ ფლობს. 2022 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ მაქაცარია ასევე ყიდულობდა სანქცირებულ რუს ოლიგარქთან, მიხაილ ფრიდმანთან დაკავშირებული „ვიონი საქართველოს“ („ბილაინი“) 100%-იან წილს. მაქაცარიას კომპანია „შპს ენერჯი კომპანი“ ასევე ფლობს ენერგოკომპანია „თელმიკოს“ წილს.