ახალი ამბები

ჩეხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

29 იანვარი, 2023 • 1005
ჩეხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

ჩეხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი პეტრო პაველი სლოვაკ კოლეგა ზუზანა ჩაპუტოვასთან ერთად უკრაინაში ჩასვლასა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური მედია ავრცელებს.

ამავე ცნობის მიხედვით, პეტრო პაველი 29 იანვარს ზელენსკისთან სატელეფონო საუბარსაც გეგმავს.

წინასწარი მონაცემებით, ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში არმიის გადამდგარმა გენერალმა პეტრ პაველმა გაიმარჯვა.

ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მილიარდერი ექს-პრემიერი ანდრეი ბაბიში დაამარცხა.

პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პაველს გამარჯვება მიულოცა მას შემდეგ, რაც საარჩევნო ოლქების 88% იქნა დათვლილი და პაველმა — ხმების დაახლოებით 57%, ბაბიშმა კი 43% მიიღო.

დამოუკიდებელი კანდიდატი პეტრ პაველი 61 წლის გადამდგარი გენერალია, რომელმაც ჩეხეთის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის მხარდაჭერა მოიპოვა. ის აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის დახმარებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ბიზნესმაგნატი ბაბიში ჩეხეთის პარლამენტის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერია. „როიტერსის“ თანახმად, ბაბიშმა საარჩევნო კამპანია ააგო უკრაინის ომის გავრცელების შიშზე, თითქოს პაველს, როგორც ყოფილ ჯარისკაცს, შეეძლო ჩეხების ომში ჩათრევა.

ბაბიშს მხარს უჭერდა მიმავალი პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელიც თავისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მხარს უჭერდა ჩეხეთის უფრო მჭიდრო კავშირებს პეკინთან და — სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა — მოსკოვთან.

ჩეხეთი არის უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელშიც პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, აღმასრულებელ ხელისუფლებას კი ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით, რომელიც პარლამენტს ექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი