ახალი ამბები

ენმ-ს არჩევნებში მონაწილეობას სხვა პარტიის წევრები, მათ შორის დეპუტატი შეეცადა — ნაყოფია

28 იანვარი, 2023 • 1175
ენმ-ს არჩევნებში მონაწილეობას სხვა პარტიის წევრები, მათ შორის დეპუტატი შეეცადა — ნაყოფია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მისაცემად დარეგისტრირებული 49 756 ადამიანიდან მხოლოდ 118 გაიფილტრა.

ამის შესახებ ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნები ელექტრონულად, „ბლოკჩეინის” სისტემის გამოყენებით მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, თავმჯდომარეობის კანდიდატების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებულმა სპეციალურმა ჯგუფმა შეისწავლა, არის თუ არა რეგისტრირებული პირი პარტიის რეალური მხარდამჭერი და ხომ არ ცდილობს პროცესის დისკრედიტაციას. ენმ-ში აცხადებდნენ, რომ იმისთვის, რომ დადგინდეს, პირი ნამდვილად ენმ-ის მხარდამჭერია თუ არა, შემოწმდებოდა Facebook-ის გვერდი, რომელიც ამომრჩეველმა რეგისტრაციისას ავტომატურად მიუთითა.

„წინასწარ დარეგისტრირებული იყო 49 756 ადამიანი წინასწარ. საარჩევნო კომისიის მიერ გაფილტვრის ჯგუფის მონაცემების შეფასების შემდეგ დარჩა 49 638 ადამიანი. ანუ პირველადი სიიდან მხოლოდ 118 ადამიანი იქნა ამოღებული, რაც ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრი მხარდამჭერი დარეგისტრირდა. გაფილტვრის ჯგუფს მოუწია ძალიან მცირე დროში მუშაობა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხარვეზები შესაძლოა გაიპაროს, მაგრამ ეს იქნება ძალიან ერთეული შემთხვევები. პრაქტიკულად, ყველა ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ამ დროს ზოგიერთი პარლამენტის წევრიც“, — განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მან არ დაასახელა, რომელი დეპუტატები შეეცადნენ ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა თქვა, რომ ეს არ ყოფილა „ქართული ოცნებიდან“.

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში კი მონაწილეობენ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. 18 იანვრის 15:00 საათის მონაცემებით, ხმა მისცა 16 702-მა ამომრჩეველმა. კენჭისყრა 30 იანვარს, 10:00 საათზე დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი