ახალი ამბები

დარწმუნებული ვარ, ისევ ეს მოსამართლეები გაასამართლებენ „ოცნების“ ლიდერებს – ხაზარაძე

26 იანვარი, 2023 • 974
დარწმუნებული ვარ, ისევ ეს მოსამართლეები გაასამართლებენ „ოცნების“ ლიდერებს – ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებსაც ის მოსამართლეები გაასამართლებენ, რომლებიც დღეს მათ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ.

ამის შესახებ ხაზარაძემ დღეს, 26 იანვარს, მას შემდეგ განაცხადა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე.

ხაზარაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი აბსურდის გაგრძელებაა.

ხაზარაძის თქმით, სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ჩვენთვის პროკურატურას ამ საკითხზე ბრალდება არ წარუდგენია. ეს მოიგონა პირველი ინსტაციის მოსამართლე არევაძემ და ახლა დაადასტურა მეორე ინსტაციის მოსამართლე ჯორბენაძემ. ეს არის ის სასამართლო, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადმოიბარა წინა ხელისუფლებისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოსამართლეები გაასამართლებენ ისევ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც დღეს ამას პოლიტიკურ მხარდაჭერას უკეთებენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გამოაცხადა მერაბ ჯორბენაძის ხელმძღვანელობით.

პროკურატურა სააპელაციოში ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თავად ბრალდებულების მოთხოვნა კი სრული გამართლება იყო.


თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებული მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის განაჩენი 2022 წლის 12 იანვარს გამოაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ სამივე მათგანს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.

თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მოსამართლის თქმით, სამივე პირს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

აღნიშნული დანაშაული გულისხმობს თაღლითობას — ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით — ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

მოსამართლემ ასევე გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ არც ბრალდებულები და არც — პროკურატურა. ბრალდებულების თქმით, ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო, არ არსებობდა დანაშაულის ნიშნები და ითხოვდნენ სრულ გამართლებას. თავის მხრივ, პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება მალევე გაასაჩვრა და სააპელაციო სასამართლოსგან მათთვის პატიმრობა მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი