ახალი ამბები

ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდა — UN

26 იანვარი, 2023 • 809
ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდა — UN

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდა. ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის თვიურ ბიუჯეტში დეფიციტი 5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გაეროს ეკონომისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის მიმდინარე წელს 18 მილიარდი ევროს მოცულობით ეკონომიკურ დახმარებას გეგმავს, შესაძლებელია, ეს საკმარისი არ იყოს:

„უკრაინის ეკონომიკის პერსპექტივები 2023 და 2024 წელს ძალიან ბუნდოვანია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, დასრულდება თუ არა საბრძოლო მოქმედებები და დაიწყება თუ არა აღდგენითი სამუშაოები“, – აცხადებენ ეკონომისტები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის ეკონომიკა განსაკუთრებით დააზიანა ინფრასტრუქტურის მასობრივმა განადგურებამ, მათ შორის, სარკინიგზო ხაზების, გზებისა და ხიდების. ამასთან, ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო შეფერხდა ინდუსტრიული და კომერციული აქტივობები და  მიგრაციისა და ჯარში გაწვევის გამო შრომით ბაზარს გამოეთიშა სამუშაო ძალის დიდი ნაწილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი