ახალი ამბებიკომენტარი

პარტიაში პარტიას ქმნიდა – მელიამ კეზერაშვილზე ფორმულას ეთერში ისაუბრა

26 იანვარი, 2023 • 1809
პარტიაში პარტიას ქმნიდა – მელიამ კეზერაშვილზე ფორმულას ეთერში ისაუბრა

“პარტიაში პარტიას ქმნიდა”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ 25 იანვარს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. 

მელია, რომელიც  ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატია და აცხადებს, რომ მის კონკურენტ ლევან ხაბეიშვილის უკან დგანან შსს-ს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი, ამ საკითხების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში,  “გიორგი თარგამაძის ფორმულაში”. 

“ვარ მის [კეზერაშვილის] დაფუძნებულ ტელევიზიაში და პატივს ვცემ ამის გამო. რეალურად,  დიახაც,  ეს გახდა ჩემთვის ნაბიჯის გადადგმის ფაქტორი, როცა მე მას [კეზერაშვილს] შევხვდი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ როცა გამოთქვა ჩემთან შეხვედრის სურვილი”, – განაცხადა მელიამ, რაზედაც თარგამაძემ უპასუხა: 

“მე როგორც ვიცი, სურვილი თქვენი მხრიდან გამოითქვა”.

“ მე ციხიდან გამოვედი და გამოვაცხადე, დათო კეზერაშვილი მინდა ვნახო თქო?”- ჰკითხა მელიამ თარგამაძეს. “მე როგორც ვიცი, ასეა”, – უპასუხა თარგამაძემ, ხოლო კითხვაზე, ვინ უთხრა ეს, გადაცემის წამყვანმა უპასუხა, რომ მან, “ვინც დააკავშირა კეზერაშვილთან”. 

“რაღაცები არ უნდა ვიკადროთ.. ამ ადამიანმა [კეზერაშვილმა] 2022 წლის თებერვლიდან  დაიწყო ის, რაც დაგვირგვინდა 9 ნოემბერს. უკვე ვანო მერაბიშვილთან ერთად”, – განაცხადა მელიამ. 

“დავინახე ხელშესახები საფრთხე არაფორმალური გავლენების, ძალიან დიდი დოზით თანაც.  მერე მერაბიშვილის და კეზერაშვილის გზები გადაიკვეთა და მათი კანდიდატია ხაბეიშვილი, რომელიც ყველაფერს კადრულობს”. 

მელიას თქმით, კეზერაშვილი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა უკვე აღარ ჰქონდა,   “ანტიკორუფციული მოძრაობის” მხარდაჭერით “პარტიაში პარტიას ქმნიდა”:

“სამწუხაროდ, დავინახე ხელშესახები ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა პარტიის არა გაძლიერებას, არამედ დასუსტებას.  წარმოიდგინე, როდესაც შენ უკვე აღარ გაქვს ამ ადამიანთან [კეზერაშვილთან]  რეალური ურთიერთობა  და ამ დროს პარტიაში პარტიის მცდელობის გაკეთებას აქვს ადგილი. აფუძნებს ისე, რომ მე, პარტიის თავმჯდომარემ არ ვიცი, აფუძნებს ანტიკორუფციულ ორგანიზაციას. თავისთავად ანტიკორუფციულში არაფერი არ არის ცუდი, ხომ, იქ არაჩვეულებრივი ახალგაზრდებიც მუშაობენ, მაგრამ, დიახაც, ეს იყო პარტიაში პარტიის გაკეთების მცდელობა, როდესაც შენ პარტიაში შენი არაფორმალური გავლენით აფინანსებ რაღაცა ორგანიზაციას და ამის თაობაზე პარტიის თავმჯდომარე საქმის კურსში არ არის”. 


“ვაპირებ ანტიკორუფციული მოძრაობის დაფუძნებას, რომელიც იქნება ყველგან, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იპარავს, – ეს განცხადება ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია,  2022 წლის 6 იანვარს გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი