ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში მოსახლეობას უფასო ჯანდაცვას სთავაზობენ

25 იანვარი, 2023 • 2089
აფხაზეთში მოსახლეობას უფასო ჯანდაცვას სთავაზობენ

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს აფხაზეთის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებზე 150 მილიონი რუსული რუბლი [2 მილიონ აშშ დოლარზე მეტი] გამოიყო, რამაც უნდა შეამციროს ადგილობრივი მოსახლეობისთვის აფხაზეთს მიღმა სამედიცინო სერვისების მიღების საჭიროება. 

“ყოველწლიურად ფართოვდება სამედიცინო დახმარების სპექტრი სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენი ექიმები უკვე სხვადასხვა ოპერაციას აკეთებენ. გარდა ამისა, ამჟამად ონკოლოგური ცენტრის ენდოსკოპიური აღჭურვილობის მსხვილი პროგრამა ხორციელდება, რის შემდეგაც ონკოცენტრში უფრო მეტი მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღება იქნება შესაძლებელი. საჭირო აღარ იქნება სხვა ქვეყანაში გასვლა ფიბროგასტროსკოპიისთვის ან ბრონქოსკოპიისთვის”, – აცხდებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ედუარდ ბუტბა.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, რუს კოლეგებს შეუთანხმდეს, რომ ისინი აფხაზეთში ჩამოვიდნენ და აფხაზი სპეციალისტები გადაამზადონ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში აფხაზი ექიმები წამყვან რუსულ კლინკებში კვალიფიკაციას აიმაღლებენ.

“ჯერ კიდევ არსებობს პაციენტების აფხაზეთს მიღმა, ასევე აფხაზეთის კერძო კლინიკებში, დაფინანსების მწვავე საჭიროება. როგორც წესი, ეს შეეხება გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტრავმების, ნერვული სისტემის, სისხლის, ონკოლოგიური და ოფთალმოლოგიური დაავადებებისა და გადაუდებელი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევები”. 

2022 წელს ბიუჯეტის სახსრებით 1000 – მდე პაციენტი იყო გადამისამართებული სხვადასხვა კერძო კლინიკაში აფხაზეთში და მის მიღმა [რედ. აქ იგულისხმება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მკურნალობა და ნაგულისხმევი არ არიან ქართულ მხარეს კლინიკებში ნამკურნალევი პაციენტები, რომელთა ხარჯები საქართველოს ბიუჯეტიდან იფარება]. 

რთული კვლევებისა და სამედიცინო მანიპულაციებისთვის აფხაზები რთული ბიუროკრატიული პროცედურების გავლით კვლავ რუსეთში ან უფრო მარტივად ქართულ კლინიკებში მიდიან, სადაც, როგორც წესი, უფასო სამედიცინო მომსახურებას იღებენ. სხვა სამედიცინო მომსახურებას კი, ადგილზე – უფასოდ. თუმცა უკანასკნელ დროს ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც სოხუმის და სხვა ქალაქების მოსახლეობას უფასო სამედიცინო სერვისების მიღება შეუძლია, სოხუმის ინფექციური საავადმყოფო გახდა. 

ამასთან, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პოლიკლინიკებსა და ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებებში ვეღარ შეხვდებით გამოკრულ წარწერებს, რომ მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზი ღირს 300 რუსული რუბლი [4 დოლარზე მეტი]. თუმცა ეს ანალიზი მხოლოდ ქაღალდზეა უფასო –  პაციენტები თანხას მაინც იხდიან, მაგრამ ეს თანხა ოფიციალურად არსად აისახება – სამუშაო ცვლის დასრულებისას ფულს ერთმანეთში ინაწილებენ საავადმყოფოს თანამშრომლები.

ფულს პაციენტები ექიმებს საკუთარი კეთილი ნებით უხდიან და არა სავალდებულო პროცედურის გამო, თუმცა დღეს აფხაზეთში პაციენტები ვერ გარისკავენ, არ გადაუხადონ ფული სამედიცინო პერსონალს. არსებობს განცდა, რომ “დაგიმახსოვრებენ და შემდეგ ჯერზე სასურველი პაციენტი აღარ იქნები”. 

ექიმებისთვის გადასახდელი მინიმალური თანხა 500 რუბლია [7 დოლარი], კერძო კლინიკებში თანხა სპეციალისტის შესაბამისად იცვლება და ორჯერ ან სამჯერ მეტი ღირს. 

“ორსულობის განმავლობაში, შარდის ანალიზს დაახლოებით 15-ჯერ აბარებ. ყოველ ჯერზე “ქალთა საკონსულტაციო ცენტრში” ამ ანალიზის ფასი იცვლება და 100 რუბლიდან  [1.4 დოლარი] 150 რუბლამდე, ზოგ შემთხვევაში კი, 200 რუბლამდე [2.8 დოლარი] მერყეობს”, – გვიყვება სოხუმში მცხოვრები ქალი. 

ამავე დროს, აფხაზეთის სოციალური დაზღვევის ფონდში ირწმუნებიან, რომ ორსულობის პროგრამა მთლიანად იფარება გადამხდელთა მიერ შევსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ეს არის დაუწერელი წესების მქონე აფხაზური ჯანდაცვის სისტემა, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება: მედიცინა უფასოა, თუმცა ექიმებს სჭირდებათ მხარდაჭერა ძალიან დაბალი ხელფასების გამო [20 000 რუბლამდე –  285 აშშ დოლარი], მაგრამ ბევრი ექიმი ფასიან სამედიცინო დაწესებულებებშიც მუშაობს. 

“ბევრჯერ მომისმენია ინიციატივები, რომ საავადმყოფოების შავი სალაროები გამჭვირვალე უნდა გახდეს, მაგრამ ეს არასოდეს მოხდება. მე თავად საავადმყოფოდან მხოლოდ იმიტომ წამოვედი, რომ ფულის გაყოფა არ უნდოდათ ჩემთან. შემოსავალი თანაბრად და სამართლიანად რომ გაეყოთ, სხვა პრობლემებსაც შევეგუებოდი, თუმცა შეუძლებელია მხოლოდ ხელფასზე  მუშაობა და ცხოვრება. შემოსავლების გამჭვირვალობით ექიმები დაკარგავენ შემოსავალს და პაციენტებისგან დამატებით დაიწყებენ ფულის გამოძალვას”, – ამბობს საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომელი ჩვენთან საუბარში ანონიმურად. 

თუმცა ზოგადი სურათი არც ისე პესიმისტურია:  სოხუმის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ერთადერთ სამედიცინო დაწესებულებად გადაიქცა, სადაც არაა საჭირო ექიმებისთვის ჯიბეში ფულის ჩადება და ანალიზებში თანხის გადახდა. ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ასტამურ გუნიამ საკუთარი ძალისხმევით აღკვეთა პაციენტებისგან ფულის მიღება.

სოხუმის ინფექციური საავადმყოფო აფხაზეთში ერთ-ერთ კოვიდ ცენტრად მუშაობდა. სწორედ მაშინდელი მუშაობის განსაკუთრებულმა რეჟიმმა მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა მის ადმინისტრაციულ მუშაობაში და ინფექციური საავადმყოფოს განვითარებას ბიძგი მისცა.

“პაციენტების დეფიციტური წამლებით მომარაგების აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდით. მოგვიწია პაციენტების გამოკვებაც ჩვენივე სახსრებით. მოქალაქეები აგროვებდნენ ფულს ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურის საყიდლად. გაგვიჩნდა სისხლის ანალიზატორები. ჯანდაცვის სამინისტრო დაგვეხმარა რენტგენის და სხვ აპარატურის ყიდვაში”, – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს სამკურნალო განყოფილების მთავარი ექიმის მოადგილე დამეი ზანთარია.

ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების ნახევარი ბავშვია. 

ექვსი წლის ნესტორ ჭანიას დედა, ილდა ჭანია არა მხოლოდ კმაყოფილია ინფექციურში მკურნალობით, გაკვრივებულიცაა, რომ საავადმყოფოში ერთი რუბლიც კი არ დაუხარჯავს. ამბობს, რომ არ ჰქონია მსგავსი პრაქტიკა მრავალწლიანი დედობის განმავლობაში. 

აფხაზეთში დღეს ყველამ იცის, რომ ჰოსპიტალიზაცია პაციენტის ოჯახს დიდ ფინანსურ ტვირთად აწვება მედიკამენტების, ანალიზებისა და სხვა კვლევების მაღალი ფასის გამო. ოფიციალურად,უფასო ჯანდაცვის პირობებშიც კი, რთულია შეხვიდე კლინიკაში და ფული არ დახარჯო. თუმცა 2022-23 წლებში ინფექციური საავადმყოფო გამონაკლისი გახდა. 

“მნიშვნელოვანია ისიც, რომ პაციენტების მიმართ ყურადღებიანი არიან. ექთნები 24 საათი თვალყურს ადევნებენ პაციენტებს. ნამდვილი პროფესიონალები არიან”, – ამბობს საავადმყოფოს პაციენტი ვალერი ხინთბა.

თუმცა მუდამ ასე არ ყოფილა. სოხუმის ინფექციური საავადმყოფო 2020 წლამდე ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა. საავადმყოფოს ჰქონდა რამდენიმე სასამართლო პროცესი ორ ექიმთან დაკავშირებით. მათ ბრალი ედებოდათ დაუდევრობით პაციენტების გარდაცვალების საქმეებზე. თუმცა ბრალი არ დაუმტკიცდათ და ექიმები სამუშაო ადგილებზე დააბრუნეს. 

კოვიდ პანდემიის დაწყებისთანავე მძიმე პაციენტების განთავსება და მკურნალობა სწორედ აქ ხდებოდა. დღეს კოვიდპაციენტები აქ აღარ არიან და კლინიკა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.  მაღალი ტემპერატურით და მწვავე ინფექციებით სოხუმის მცხოვრებლები მოხვედრას სწორედ აქ ცდილობენ.

“ჩვენ უფასოდ ვაკეთებთ ანალიზებს, რენტგენს და სხვა კვლევებს სტაციონარის პაციენტებისთვის, ამბულატორიულ პაციენტებს კი კერძო ლაბორატორიებში ვგზავნით ანალიზებისთვის. თუმცა, ზოგჯერ ვთავაზობთ აქ დარჩენას, თუ პაციენტს ფინანსური პრობლემა აქვს”, – ამბობს დამეი ზანთარია.

აქ პაციენტები არა მხოლოდ წამლებს იღებენ უფასოდ, არამედ უფასოა კვებაც. დაავადებების პიკის დროს სოხუმის ინფექციური საავადმყოფო 150 – მდე ამბოლატორიულ პაციენტს იღებს.

საავადმყოფო ქალაქისა და სახელმიფო ბიუჯტიდან ფინანსდება. ქალაქის ბიუჯეტი აფინანსებს სტანციონარულ პაციენტებს, რესპუბლიკური კი – ამბულატორიულ მომსახურებას. ამ პროცესებს ჯანდაცვის სამინისტრო და სოხუმის ჯანდაცვის განყოფილება ხელმღვანელობენ. ყველაფერი კი ტურისტების მომსახურების საჭიროებიდან დაიწყო. 

კუჭ-ნაწლავის ინფექცია, რომელიც ეპიდემიასავით მოედო აფხაზეთის მცხოვრებლებსა და ტურისტებს 2022 წლის ზაფხულის დასასრულს, ინფექციური საავადმყოფო აიძულა, სრულ სამედიკამენტო უზრუნველყოფაზე გადასულიყო. ექიმების თქმით, მნიშვნელოვანი იყო, დამსვენებლებს სრულფასოვანი დახმარება მიეღოთ. შესაბამისად, დაარწმუნეს ჯანდაცვის სამინისტრო, დაეწყოთ ინფექციურის სრული სპექტრის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 


შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, 2022 წელს სახელმწიფო რეფერალური პროგრამით 1352-მა ადამიანმა ისარგებლა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. თუმცა აფხაზური მხარე ქართულ კლინიკებში მიღებულ უფასო მომსახურებაზე საჯარო საუბარს გაურბის. 


მასალების გადაბეჭდვის წესი