ახალი ამბები

მოსამართლეების თითქმის ერთი მესამედის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურშია დასაქმებული – IDFI

24 იანვარი, 2023 • 911
მოსამართლეების თითქმის ერთი მესამედის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურშია დასაქმებული – IDFI

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემაში მომუშავე მოსამართლეების თითქმის ერთ მესამედს ჰყავს საჯარო სამსახურში დასაქმებული ოჯახის წევრი (321 მოსამართლიდან 90-ს).

ეს მონაცემები ქონებრივ დეკლარაციებში ფიქსირდება.

90 მოსამართლიდან 51-ის ოჯახის წევრი, ორგანიზაციის ცნობით, დასაქმებულია უშუალოდ სასამართლო სისტემაში.

IDFI აღნიშნავს, რომ ეს ანალიზი ვერ ასახავს სრულ სურათს, ვინაიდან ქონებრივ დეკლარაციებში წარმოდგენილია მხოლოდ მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები და ის ოჯახის წევრები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დეკლარანტთან.

ორგანიზაციის ცნობით, ანალიზის ფარგლებში შესწავლილი მოსამართლეების ოჯახის წევრებმა 2021 წელს საჯარო სამსახურებში ანაზღაურების სახით მიიღეს 3 მილიონ ლარზე მეტი.

IDFI-ს თანახმად, 90-დან 60 შემთხვევაში ოჯახის წევრი დასაქმდა, დაწინაურდა ან სამუშაო პოზიცია შეიცვალა მოსამართლის დანიშნვის შემდეგ.

უზენაესი სასამართლო

ანგარიშის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს 28 მოსამართლის დეკლარაციებიდან ჩანს, რომ რვა მათგანის მეუღლე და ერთ-ერთის შვილი დასაქმებულია საჯარო სექტორში (6 უშუალოდ სასამართლო სისტემაში). IDFI ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრი დასაქმდა ან დაინიშნა მოსამართლის დანიშნვის შემდგომ.

მაგალითად, IDFI-ს თანახმად, უზენასი სასამართლოს მოსამართლე, ბიძინა სტურუა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე 2011 წელს გახდა. ანგარიშის ავტორების თქმით, მის დეკლარაციაში 2012 წლიდან გვხვდება მისი მეუღლე, რუსუდან ბერიძე, იმავე სასამართლოს სხდომის მდივნის პოზიციაზე, ხოლო 2016 წლიდან- სასამართლოს მენეჯერის პოზიციაზე.

ამასთან, IDFI-ს ცნობით, 2019 წელს ბიძინა სტურუა გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე, ხოლო მისი მეუღლე 2020 წლის მარტიდან მუშაობას განაგრძობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივნად.

მირანდა ერემაძე კი, ორგანიზაციის განცხადებით, 2016 წლის ივლისიდან იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2019 წლის 12 დეკემბერს გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. IDFI აღნიშნავს, რომ არჩევიდან ერთ თვეში, მისი შვილი დასაქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სპეციალისტის პოზიციაზე, 2021 წლიდან კი დაწინაურდა მოსამართლის თანაშემწედ.

სააპელაციო სასამართლო

ორგანიზაციის განცხადებით, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების 84 მოსამართლის (70 თბილისში, 14 ქუთაისში) დეკლარაციებიდან ჩანს, რომ 18 მათგანის მეუღლე და ოთხის შვილი დასაქმებულია საჯარო სექტორში.   IDFI-ს თქმით, აქედან ყველა შემთხვევაში ოჯახის წევრი მოქმედ პოზიციაზე დასაქმდა, დაწინაურდა ან სამუშაო პოზიცია შეიცვალა მოსამართლის დანიშვნის შემდეგ.

„საეჭვოა ასევე ისეთი შემთხვევები, სადაც მოსამართლის დაოჯახებიდან მოკლე დროის პერიოდში ფიქსირდება მეუღლის დაწინაურების ან როტაციის ფაქტი. მაგალითად, გიორგი გოგინაშვილი 2021-2022 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მის ქონებრივ დეკლარაციებში 2021 წელს პირველად დაფიქსირდა მეუღლე, რომელიც დასაქმებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში სპეციალისტის პოზიციაზე, ხოლო ამავე წლის მაისიდან საქმიანობას აგრძელებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

IDFI-ს თქმით, დავით ახალბედაშვილი 2017-2019 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დუშეთის მუნიციპალიტეტში და ამავე რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2019 წლის ივნისში დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. ორგანიზაციის თქმით, ამავე წლის თებერვალში მისი მეუღლე დასაქმდა სპეციალისტის პოზიციაზე ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოში:

„დამატებით ეჭვებს აჩენს შემთხვევები, სადაც მოსამართლის ოჯახის წევრი საქმდება სასამართლოში თვალსაჩინო იურიდიული გამოცდილების არქონის მიუხედავად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის (აწ უკვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე 2022 წლიდან), ირაკლი ბონდარენკოს მეუღლე 2020 წელს დასაქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოში კონსულტანტის პოზიციაზე“ ,- ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის განცხადებით,  ბონდარენკოს წინარე დეკლარაციებში მის მეუღლეს არ უფიქსირდება სხვა ანაზღაურებადი სამუშაო 2012 წლიდან.

IDFI-ს განცხადებით, ანალოგიურად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კონსულტანტის პოზიციაზეა დასაქმებული მოსამართლე ლაურა მიქავას მეუღლე, რომელიც 2022 წელს, აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი იყო.

ორგანიზაციის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა დეკლარაციებში თვალსაჩინოა შვილის დასაქმების ოთხი შემთხვევა. IDFI აღნიშნავს, რომ ოთხივე მათგანი გვხვდება თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეციალისტის პოზიციაზე.

ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ნანა ჭიჭილეიშვილის შვილი 2020 წელს დასაქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კურიერად, ხოლო მომდევნო წელს დაწინაურდა სპეციალისტის პოზიციაზე. მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის შვილი კი, IDFI-ს თქმით, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სპეციალისტი გახდა 2021 წელს.

ორგანიზაციის თქმით, ამავე წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტებად დასაქმდნენ ვანო წიკლაურის და ნინო ჭალიძის შვილები.

პირველი ინსტანციის სასამართლოები

ორგანიზაციის განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებში ამჟამად მუშაობს 209 მოსამართლე, მათგან 60-ის დეკლარაციაში ნახსენებია საჯარო სექტორში დასაქმებული ოჯახის წევრი (54 მეუღლე, 6 შვილი, 2 და), 33 მათგანი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში, ხოლო 35-ია ისეთი შემთხვევა, სადაც ოჯახის წევრი მოქმედ პოზიციაზე დასაქმდა მოსამართლის დანიშვნის შემდეგ.

IDFI აღნიშნავს, რომ 2020 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში, სტატისტიკის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზეა დასაქმებული მოსამართლე გიორგი მაისურაძის მეუღლე, თუმცა დეკლარაციებიდან თვალსაჩინო არ არის რელევანტური წინარე სამუშაო გამოცდილება აღნიშული პოზიციის დაკავებამდე (გარდა კერძო კომპანიაში იურისტის პოზიციაზე მოკლევადიანი მუშაობისა 2010 წელს).

ანგარიშის მიხედვით, ნინო მამულაშვილი 2013-2017 წლებში იკავებდა სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციას სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, ხოლო 2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. ორგანიზაციის თქმით, 5 თვით ადრე ნინო მამულაშვილის მეუღლე, დავით მათიკაშვილი, გახდა საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი.

ბესარიონ ტაბაღუა კი, ორგანიზაციის თქმით, 2011-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 2019 წლიდან კი- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. IDFI-ს თანახმად, მის დეკლარაციებში მეუღლის საქმიანობა 2015 წლიდან ჩნდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტის პოზიციაზე, 2016 წელს -უზენაესი სასამართლოს მოსამართლის რეფერენტის პოზიციაზე, ხოლო 2017 წლიდან -უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლიდან მოსამართლის თანაშემწის თანამდებობას იკავებს ბოლნისის სასამართლოში ამავე სასამართლოს მოსამართლის, დევი დევიძის მეუღლე. დევიძე ბოლნისის სასამართლოში 2019 წელს დაინიშნა.

ორგანიზაციის ცნობით, დეკლარაციებით იკვეთება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხი მოსამართლის (ლელა კალიჩენკო, ქეთევან ჯაჭვაძე, მადი ჩანტლაძე, და ვიოლეტა ფორჩხიძე) შვილია დასაქმებული მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე (3 მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო ერთი- უზენაეს სასამართლოში).

IDFI აღნიშნავს, რომ კვლევაში მოცემული ყველა შემთხვევა არ უნდა იქნეს განხილული ნეპოტისტური დამოკიდებულების გამოვლინებად. თუმცა, მეორე მხრივ, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეუძლებელია პრობლემის სრული მასშტაბის შესწავლა და წარმოჩენა ქონებრივი დეკლარაციების მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნების შეზღუდული ხასიათიდან გამომდინარე.

კერძოდ, ანგარიშის ავტორების თქმით, თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა ჩამონათვალით, რომლებზეც დღეის მდგომარეობით ვრცელდება ქონებრივი დეკლარაციის მოთხოვნები (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი), დეკლარირების მიღმა რჩებიან თანამდებობის პირის ოჯახის წევრები (მშობლები, და-ძმა და ფინანსურად დამოუკიდებელი შვილები, რომლებიც თანამდებობის პირთან არ ცხოვრობენ), რომლებიც შეიძლება თავად ეწეოდნენ თანამდებობის პირის მოვალეობებთან ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმომშობ საქმიანობას.

IDFI-ს თქმით, გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებისა და ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის და კორუფციის რისკების შემცირების მიზნით მნიშვნელოვანია არსებული მექანიზმების გაუმჯობესება და დამატებითი სტანდარტების დანერგვა:

„ამ მიმართულებით რეფორმა განსაკუთრებით პრიორიტეტულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის თაობაზე ევროკომისიის მოხსენებით ბარათში დაფიქსირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოხსენებაში იკვეთება სწორედ ზემოთ აღნიშნული საკითხი, კერძოდ- ევროკომისიის შეფასებაში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დანერგილია საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემა, “უნდა გაუმჯობესდეს კანონის მოქმედების სფერო, რომელიც ეხება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებას, მის რეალიზაციასა და მონიტორინგს“ ,- აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ანგარიშს გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე. ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მურუსიძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არაერთი ოჯახი შექმნილა და იმ აზრის განვითარება, თითქოსდა სასამართლო სისტემა კორუმპირებული, ნეპოტისტური და არაკომპეტენტურია, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაა:

„ყოველწლიურად მოქალაქეებს თავში უდებენ იმ აზრს, რომ სასამართლო არის კორუმპირებული, ნეპოტისტური, არაკომპეტენტური. ეს არის დისკრედიტაციისკენ მიმართული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. სასამართლო სისტემაში ხელფასი არის დაბალი და მასობრივად გადიან კადრები. ნეტავ, ვინმე მოვიდოდეს კადრი. რამდენი ოჯახი შექმნილა სასამართლო სისტემაში, იცით? 24 საათი ერთად რომ არიან სამსახურში და ერთმანეთს უყურებენ… ხომ არ შეიძლება ადამიანებს ასეთი ტალახი ესროლო, დისკრედიტაცია მოახდინო, უფლება არ ჰქონდეს, რომ იმუშაოს?“ – ამბობს მურუსიძე. IDFI-ს ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი