ახალი ამბები

TAV Airports ფრანგულმა კომპანია ADP ჯგუფმა იყიდა

24 იანვარი, 2023 • 866
TAV Airports ფრანგულმა კომპანია ADP ჯგუფმა იყიდა

TAV Airports-ის აქციები ფრანგულმა კომპანია ADP ჯგუფმა (l’Aéroport de Paris) იყიდა და მისი მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ADP ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს, ედვარდ ორქრაითს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და აეროპორტების სამომავლო განვითარების სტრატეგია მიმოიხილეს.

„მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ისევე როგორც ტურიზმის მზარდი დინამიკა, ამბიციური გეგმების დასახვის შესაძლებლობას ქმნის. ყურადღება დაეთმო როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მნიშვნელობას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, რომელზე მუშაობაც დასრულების ფაზაშია.

მათივე ინფორმაციით, ღარიბაშვილმა დელეგაციის წევრებს ე.წ. მასტერპლანთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირების მიმართულებით.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმას, ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება.


ADP ჯგუფი მართავს და ოპერირებას უწევს სხვადასხვა კონტინენტზე 20-ზე მეტ აეროპორტს. ADP ჯგუფის მართვაში არსებული აეროპორტები ცნობილია კვალიფიციური სერვისებით და მდგრადი განვითარებით.

ADP ჯგუფი (l’Aéroport de Paris) დაფუძნდა 1945 წელს. მისი მიზანია, მგზავრებს მაღალი ხარისხის მასპინძლობის სტანდარტები და ხარისხიანი მოგზაურობა შესთავაზოს. ADP ჯგუფი, პარტნიორებთან ერთად, მომავლის აეროპორტებს აშენებს, რაც ეფუძნება ინოვაციებს, მდგრად განვითარებას, მრავალფუნქციურ და დახვეწილ სერვისებს. ADP ჯგუფი საფრანგეთში მართავს პარიზის შარლ დე გოლისა და ორლის აეროპორტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი