ახალი ამბები

კაცს, რომელმაც მძინარე მშობლები მოკლა, უვადო პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

23 იანვარი, 2023 • 593
კაცს, რომელმაც მძინარე მშობლები მოკლა, უვადო პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა მძინარე მშობლების მკვლელობა, სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

შემთხვევა 2022 წლის 27 აპრილს მოხდა, რა დროსაც, გამოძიების თანახმად, გიორგი ბეროზაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედ-მამა მოკლა. კაცმა მათ თავის არეში ჭრილობა მაშინ მიაყენა, როდესაც ორივეს ეძინა.

„მკვლელობის შემდეგ, კვალის წაშლის მიზნით, ბრალდებულმა სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა“, – აცხადებს პროკურატურა.

ბეროზაშვილი 28 აპრილს დააკავეს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გარეკანი ფოტო: „მთავარი არხი“

მასალების გადაბეჭდვის წესი