ახალი ამბები

სააკაშვილის პრემიერობა 2020 წელს — ახალი ბრალდება მელიას წინააღმდეგ და პასუხი

21 იანვარი, 2023 • 1212
სააკაშვილის პრემიერობა 2020 წელს — ახალი ბრალდება მელიას წინააღმდეგ და პასუხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ნიკა მელიას მიერ რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას უპასუხა.

როგორც ბოტკოველი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ აცხადებს, 2020 წლის არჩევნების დროს, როცა ნიკა მელია გლდანის მაჟორიტარად ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყო, პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის დასახელებას ეწინააღმდეგებოდა და მისი შტაბიდან წასვლას ბევრი ადამიანი სწორედ ამ მიზეზით აპირებდა და არა ვანო მერაბიშვილის ჩარევის გამო, როგორც ამას თავად მელია აცხადებს:

„2020 ის თემაზე მე უფრო მნიშვნელოვანი რამ შემიძლია ვთქვა და ამით ამ თემას დავხურავ. ან უარყონ ან დაადასტურონ ეს ყველაფერი. 2020 წლის არჩევნებში, როდესაც გადაწყდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის თემა, ნიკა მელია იყო ამის კატეგორიული წინააღმდეგი და ამაზე ჩვენ დაგვჭირდა აქტიური მუშობა რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

მე ვეთანხმებოდი, ძალიან ბევრი ადამიანი ეთანხმებოდა და გლდანის შტაბიდან თუ ვინმეს წასვლაზეა საუბარი, ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ მაგ მიზეზით აპირებდა გლდანის შტაბიდან წასვლას იმიტომ, რომ კანდიდატი ეწინააღმდეგებოდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას და მერე იმაზეც იყო საუბარი 5 ნომრით არ დამდგარიყო და მაშინ თავისუფალი ნომრით დადგებოდა და ისე დაეჭირა ყველა პოლიტიკურ ძალას მხარი“ – თქვა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი ბოტკოველის განცხადებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის წევრს ბაჩო დოლიძეს ესაუბრა. ბაჩო დოლიძე ხაზს უსვამს, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2 თვეში ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარე გახდა, რაც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდებოდა და ბოტკოველის ვერსიას „ზღაპრებს“ უწოდებს:

„როგორ მოხდა, რომ მაგ არჩევნებიდან 2 თვეში ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ დაინიშნა?! ასე მოხდა და მიშამ ხმა არ ამოიღო?! მაშინ გარეთაც იყო და ჩართულიც იყო პროცესებში. ასე რომ იყოს, ეს ორი მოვლენა როგორ მოდის ერთმანეთთან შესაბამისობაში?! როდესაც საუბარია რაღაცა ჭორაობაზე… გაჟღერდა ძალიან სერიოზული ბრალდება ვანო მერაბიშვილის მისამართით, ადამიანი ჩართული იყო საარჩევნო შტაბის დეფორმაციაში იქ სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან ვინაიდან კახა კალაძის წარმომადგენელი კობიაშვილი იყრიდა კენჭს. ეს ის პერიოდია, სადაც იარაღის ტრიალი, სუს-ი, ყველა ერთად მობილიზებულები იყვნენ ჩვენს წინააღმდეგ.

ამ დროს ვიგებთ, რომ ადამიანი ჩართული პროცესებში რომ ხელშეწყობის ნაცვლად ხელი შეგიშალოს. დანარჩენი, ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ამ არჩევნებიდან 2 თვეში ნიკა მელია თავმჯდომარედ ინიშნება და რაღა თქმა უნდა, ეს როგორ მოხდებოდა მიშა სააკაშვილს რომ მხარი არ დაეჭირა?! ვის რაში სჭირდება ასეთი ზღაპრების მოყოლა. ერთმანეთს უმტკიცებენ ვინ უფრო მიშა სააკაშვილის ერთგულია.

არ მგონია ასეთი იაფფასიანი ამოფარებები მიშა სააკაშვილის სახელს და გვარს ვინმეს რაიმე დივიდენდს აძლევდეს. თუ მიშა სააკაშვილზე ფიქრობდნენ, ასე არ უნდა მოეთხოვათ არჩევნების დანიშვნა და ამ პერიოდში არ მომხდარიყო ამ პროცესების დაწყება, რომელიც დაწყებულია“ -აცხადებს ბაჩო დოლიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი