ახალი ამბები

„შევეშვათ ამ შეკითხვას“ — „ვივამედის“ ექთანმა მისდამი მუქარა არ დაადასტურა

20 იანვარი, 2023 • 1317
„შევეშვათ ამ შეკითხვას“ — „ვივამედის“ ექთანმა მისდამი მუქარა არ დაადასტურა

კლინიკა „ვივამედის“ სამკურნალო ზონის (პატიმრების მოთავსების ადგილი) უფროსი ექთანი ნინო პანტიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მხრიდან მუქარას არ ადასტურებს.

პანტიაშვილი დღეს, 20 იანვარს გამოიკითხა სასამართლო სხდომაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავენ.

ექთანმა აღნიშნა, რომ მორიგე იყო 4 ოქტომბერს. ეს არის დღე, როდესაც გასვლითი სასამართლო პროცესის გამართვის მცდელობა იყო მიხეილ სააკაშვილის პალატაში, რასაც, სახალხო დამცველის ცნობით, მისი განსაკუთრებული ემოციური რეაქცია მოჰყვა და სამედიცინო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერების დიდი ნაწილი, სადაც მედპერსონალისადმი სააკაშვილის აგრესიული ქცევაა ასახული, სწორედ 4 ოქტომბრით თარიღდება.

„პაციენტი იყო აღელვებული და ვცდილობდით დაწყნარებას. დავუძახეთ ექიმ თამარ აბაშიძეს. მერე რეანიმატოლოგებს. რეანიმატოლოგებმა პაციენტი აიყვანეს მონიტორზე და მერე გავიდნენ“, — თქვა ნინო პანტიაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების აღწერისას.

ადვოკატმა ექთანს ჰკითხა, მართალია თუ არა სოცქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მედპერსონალს სისტემატურად შეურაცხყოფას აყენებს, ნივთებს ესვრის და ა.შ.

„ყველამ თავის თავზე უნდა ილაპარაკოს. ჩემთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებია“, — განაცხადა ნინო პანტიაშვილმა, თუმცა დაადასტურა, რომ პაციენტის აგრესიულ ქცევაზე სმენია.

„მარტო ის [შემთხვევა], როცა ძალიან აღელვებული იყო“, — თქვა მან.

სხდომაზე პენიტენციური სამსახური დაინტერესდა, როგორ გაიგო პანტიაშვილმა, რომ სასამართლოში მოწმედ იყო დაბარებული. ექთანმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძისგან გაიგო, როდესაც მორიგეობის შემდეგ (არასამუშაო დროს) მიხეილ სააკაშვილმა დაუძახა პალატაში, სადაც ადვოკატიც იმყოფებოდა.

შალვა ხაჭაპურიძე: „იქ გითხარით, რომ დასაჭერების სიაში ხართ შესაყვანი? იმიტომ, რომ პოსტი გავრცელდა… რამე ზეწოლას ჰქონდა ადგილი ჩემი მხრიდან? დაგემუქრეთ?“

ექთანი: „არა, მუქარა თქვენი მხრიდან არ ყოფილა“.

შალვა ხაჭაპურიძე: „ბატონი მიხეილის მხრიდან?“

ექთანი: მუქარა არ ყოფილა.

ამის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა მოწმეს სთხოვა დაზუსტება, რას გულისხმობდა მუქარაში, რადგან იურიდიულ ენაზე ამას სხვა განმარტება აქვს. ნინო პანტიაშვილის თქმით, სავარაუდოდ ,კითხვა მომდინარეობს ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაციიდან დასაჭერთა სიაში შეყვანის მუქარის შესახებ.

კითხვაზე, მასსა და სააკაშვილს, ან სააკაშვილის ადვოკატებს შორის უსიამოვნო საუბარს ადგილი ჰქონია თუ არა, ექთანმა უპასუხა, რომ გამოიძახეს არასამუშაო საათებში და უთხრეს, რომ მოწმეთა სიაშია. მან თქვა, რომ შალვა ხაჭაპურიძისგან არ ყოფილა ნახსენები „დასაჭერთა სიაში“ შეყვანა. მოსამართლე დაინტერესდა, სააკაშვილმა უთხრა თუ არა მსგავსი რამ ან მსგავს ფაქტს საერთოდ ჰქონია თუ არა ადგილი.

„შევეშვათ ამ შეკითხვას“, — ითხოვა ნინო პანტიაშვილმა. მოსამართლე გიორგი არევაძემ მოწმეს დამატებითი კითხვა აღარ დაუსვა და თქვა, რომ საქმისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

„არაფერი, პოსტი დაწერა მისმა დირექტორმა [ნინო ნადირაძემ] და იტყვის რაღაცას და…“ ,— თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

საქმე ეხება კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის ნინო ნადირაძის პოსტს Facebook-ში, რომ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ამავე კლინიკის ექთანი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ პალატაში დაიბარა, პირადი მონაცემები გამოართვა და მოწმეთა და დასაჭერთა სიაში შეყვანით დაემუქრა.

„ადვოკატი იბარებს ექთანს პალატაში, როცა მისი მორიგეობა დასრულებულია, ართმევს პირად მონაცემებს, სიაში უნდა შეგიყვანო მოწმეებისო და დასაჭერებისაცო, ეს ნორმალურია? ღმერთო, გაძლება მოგვეცი, სიკეთე დასჯადია?!“, — ნათქვამია ნადირაძის 10 იანვრით დათარიღებულ პოსტში.

„ვივამედის“ ექთანმა ნინო პანტიაშვილმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეს ექიმის პრეროგატივაა. თქვა ის, რომ პაციენტი ძირითადად წევს, ორთოპედიული სამარჯვის საშუალებით გადაადგილდება, თუმცა ჭამას და ბანაობას თავისით ახერხებს. პანტიაშვილის განმარტებით, სააკაშვილი რამდენჯერმე გაიყვანეს დერეფანში სასეირნოდ, თუმცა ეზოში მისი გაყვანა არ ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი