ახალი ამბებირეკლამა

ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინშია

20 იანვარი, 2023 • 1657
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინშია

2023 წელს 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში პირველად ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი ზამთრის ყველაზე ექსტრემალურ სახეობებში. დიდველისა და კოხტა-მიტარბის ტრასებზე ფრისკის, ფრისტაილის და სნოუბორდის საუკეთესო ათლეტები იასპარეზებენ. 

ყველა შეჯიბრი და ტურნირი, რომელსაც სათხილამურო ფედერაცია კომპანია სილქნეტის ხელშეწყობით ატარებდა და ატარებს, ქვეყნის მსოფლიო სპორტულ რუკაზე სათანადო ადგილის დამკვიდრებას უწყობს ხელს.  

ბაკურიანი ბოლო ასწლეულია საკუთარ სპორტულ და საკურორტო ისტორიას მოკრძალებულად ქმნიდა.

გუსტავ ეიფელის კვალი და ბაკურიანის სიმბოლო „კუკუშკა“ 

ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარე ბაკურიანი ოთხსეზონიანი საკურორტო დასახლებაა, რომელიც თითქმის საუკუნეა სამთო სათხილამურო კურორტის სტატუსს ატარებს. მისი უნიკალური ლანდშაფტი, კლიმატი და პოტენციალი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში შეამჩნიეს და მას შემდეგ არაერთხელ იყო მცდელობა ბაკურიანს მსოფლიოში გაეთქვა სახელი.

როცა ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის კონსტრუქცია პირდაპირ პარიზიდან, ეიფელის საწარმომ   გამოაგზავნა, ადგილზე მისი აწყობა პირველმა ქართველმა მფრინავ-კონსტრუქტორმა, ქართული სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელმა ბესარიონ ქებურიამ ითავა. ხიდი, ისევე როგორც ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი, 1902 წელს გაიხსნა. პატარა მატარებელმა, „კუკუშკამ“, ბაკურიანის ცხოვრება სრულიად შეცვალა და მიმოსვლა გაამარტივა. ის ამ მხარის უცვლელ სიმბოლოდ იქცა. 

ბაკურიანის პირველი მოთხილამურეები 

ჯერ კიდევ 1926 წელს ევროპიდან ახალდაბრუნებულმა ნიკო ნიკოლაძის შვილმა, გიორგი ნიკოლაძემ მეგობრებთან ერთად სცადა თხილამურებით ბაკურიანის ფერდობებიდან დაშვება. მაშინ ბაკურიანს  დაბის სტატუსიც კი არ ჰქონდა. სწორედ გიორგი ნიკოლაძემ შეამჩნია კურორტის განვითარების პოტენციალი  და ის დღემდე ბაკურიანის, როგორც სათხილამურო კურორტის აღმომჩენად მიიჩნევა. გიორგი ნიკოლაძე საფუძველს უყრის სამთო-სათხილამურო სპორტისა და ალპინიზმის განვითარებას საქართველოში.  მონაწილეობს ექსპედიციებში, ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის შედგენაში და ოცნებობს ევროპაში ნანახი სამთო-სათხილამურო ბუმის საქართველოში გადმოღებაზე.

საბჭოთა ბაკურიანი

უკვე საბჭოთა პერიოდში, ბაკურიანში სამხედროებისთვის პირველი ტრამპლინები აუგიათ. მალევე გახსნილა ბაკურიანის სამთო-სათხილამურო სკოლაც და ფიზკულტურის სახლიც, ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის მოთხილამურეთა პირველი ნაკრები. 1935 წლიდან ბაკურიანი სათხილამურო სპორტის დედაქალაქად იქცა. ამ გარემოში აღიზარდა ცნობილი ბაკურიანელი კობა წაქაძე.

საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში, 88 წლის კობა წაქაძე ოჯახთან ერთად დღემდე ბაკურიანის ბინადარია. მართალია საბჭოთა კავშირის სახელით ასპარეზობდა, თუმცა ქართული სპორტის ლეგენდა ამბობს, რომ  ყოველთვის თან დაჰქონდა საქართველოს დროშა და მსოფლიოს საკუთარი ქვეყნის შესახებ უყვებოდა. 

ბაკურიანში ფუნქციონირებს მისი სახელობის მუზეუმიც, სადაც სპორტსმენის თასები, ჯილდოები, მის შესახებ დაწერილი წიგნები, სტატიები და ფოტოები ინახება. ინახება ასევე წერილები და მიწვევები, რასაც მთელი მსოფლიოდან იღებდა აქტიურ სპორტში ყოფნის დროს და შემდეგაც. 

ამერიკელმა მწერალმა, ჯონ აპდაიკმა ერთ-ერთ ჩემპიონატზე წაქაძის ასპარეზობა ნახა და ცაში მის სასწაულებრივ ფრენას ლექსიც კი მიუძღვნა. 

მოთხილამურე წინაპრები შარდენის მინიატურებში

ქართველებისთვის თოვლზე სრიალი  უცხო არასდროს ყოფილა. ფრანგ მოგზაურზე, მკვლევარზე ჟან შარდენზე ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია ამ ფაქტს, რომ კოლხი კაცი თხილამურით გამოსახა ფრანგულ გრავიურაზე. ( Jean Chardin – Journal du voyage du chevalier Chardin en Perse & aux Indes Orientales , par la Mer Noire & la Colchide 1639 წ.). საქართველოს მუზეუმებში დღემდეა დაცულია კანაფის თოკისა და ხისგან დამზადებული, XIX საუკუნის ოვალური ფორმის სასიარულო – საბიჯებელი. ასეთ თხილამურებს ზამთარში ნადირობისას, დათოვლილი ბილიკების დასატკეპნად და გადასაადგილებლად იყენებდნენ ჩვენი წინაპრები. 

ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონებს და ოლიმპიელ ათლეტებს ელოდება

საქართველოში   საერთაშორისო დონის შეჯიბრის ორგანიზება საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მისი გენერალური სპონსორის კომპანია სილქნეტის დამსახურებაა. ფრისტაილის, ფრისკის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენიც სილქნეტია, რომელიც უკვე 10 წელია ზამთრის სახეობების არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი შეჯიბრის მხარდამჭერია, ხელს უწყობს საქართველოს ნაკრების წვრთნებს უცხოეთის კურორტებზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში. 

საგანგებოდ ამ სპორტული მოვლენისთვის სახელმწიფოს მიერ  განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები: აიგო ტრასები და საბაგიროები, დამონტაჟდა გათოვლიანების სისტემები, რაც ბაკურიანს საერთაშორისო დონის ზამთრის სპორტის კურორტად აქცევს. 

მსოფლიო ჩემპიონატი, როგორც ადგილობრივ არხებზე, ისე „ევროსპორტზე“ გაშუქდება, რომელსაც 40 მილიონზე მეტი მაყურებელი ეყოლება მთელ მსოფლიოში. თუმცა, ადგილზე გულშემატკივრებს ნამდვილი სანახაობა ელით, რადგან ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ და ექსტრემალურ სახეობებს მოიცავს. ასევე ცნობილია, რომ მომდევნო ორი სეზონი ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს სკი კროსში.

მასალების გადაბეჭდვის წესი