ახალი ამბები

დეგნანის თქმით, “ბუკების” მსგავსი საკითხები კიევმა და თბილისმა პრივატულად უნდა განიხილონ

20 იანვარი, 2023 • 804
დეგნანის თქმით, “ბუკების” მსგავსი საკითხები კიევმა და თბილისმა პრივატულად უნდა განიხილონ

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მოუწოდებს საქართველოს და უკრაინას, “ბუკების” მსგავსი საკითხები პრივატულად განიხილონ.

დეგნანის თქმით, ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში აშშ-მა ყველა მის პარტნიორსა და მოკავშირეს სთხოვა, უკრაინას შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებოდნენ. თუმცა, დეგნანის თქმით, საკითხი მგრძნობიარეა. ელჩი აღნიშნავს, რომ ყველასთვის ცნობილია, თუ რა სენსიტიურ მდგომარეობაშია საქართველო იმის გამო, რომ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და აცხადებს, რომ წნეხი ყველა სახელმწიფოსთვის დიდია. დეგნანის თქმით, სწორედ ამიტომ, უკრაინისთვის მხარდაჭერაზე მოწოდებისას აშშ ყოველთვის იმეორებს, რომ თითოეული ქვეყნის შემთხვევაში, ეს უნდა მოხდეს შესაძლებლობის ფარგლებში:

„ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს და უკრაინას, ეს მნიშვნელოვანი საკითხები პრივატულად განიხილონ და არა საჯაროდ. ახლა ძალიან სენსიტიური დროა, რუსეთს გაჩაღებული აქვს ომი, რათა უკრაინას წაართვას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. დიდი წნეხია ყველაზე. აშშ-მა სთხოვა მის ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს, გადახედონ, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის მხარდასაჭერად.

საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით, ჰუმანიტარულ და საერთაშორისო ფორუმებზე მხარდაჭერის კუთხით. ყველა ქვეყანა თავად განსაზღვრავს, რისი გაკეთების შესაძლებლობა აქვს. ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია, რა სენსიტიურ მდგომარეობაშია საქართველო იმის გამო, რომ თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს არის კონტექსტი და ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს და უკრაინას, ეს საკითხები პრივატულად განიხილონ“, – აცხადებს კელი დეგნანი.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის თქმით, კიევმა თბილისს მიმართა სამხედრო შეიარაღების გადაცემის თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.

კასიანოვის ინფორმაციით, უკრაინამ საქართველოსგან ითხოვა 2008 წელს გადაცემული სარაკეტო კომპლექს Buk-ის, ასევე, ანტისარაკეტო სისტემა „ჯაველინების“ გადაცემა, თუმცა ქართულმა მხარემ უარი განაცხადა.

კასიანოვისვე ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინისთვის გადაცემული „ჯაველინების“ სანაცვლოდ საქართველოსთვის მიეწოდებინა იარაღის ახალი პარტია, მაგრამ საქართველო მაინც არ დათანხმდა ამ შეთავაზებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი