ახალი ამბები

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო – ზურაბიშვილი

20 იანვარი, 2023 • 897
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება საგარეჯოში მომხდარ თავდასხმას და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს. თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ზურაბიშვილი.


გვიან ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გახსნა. ოფიციალური ცნობებით, მან მოკლა ეზოში მყოფი მოქალაქეები, მათ შორის ისინი, ვინც დაჭრილების დახმარებას ცდილობდნენ.

თავდამსხმელმა მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი. შსს-ს ცნობით, ამის შემდეგ მან თავი სავარაუდოდ მოიკლა. თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო იყო. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სროლის დაწყებისას სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის სრულწლოვანი შვილიც. მან მალევე დატოვა ბინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვისა და ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი