ახალი ამბები

საგარეჯოში დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია

20 იანვარი, 2023 • 1370
საგარეჯოში დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში სპეცოპერაციისას დაღუპული პოლიციელი 37 წლის ოთარ ღვინაშვილია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის – 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.

თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა“, – წერს უწყება განცხადებაში.


გვიან ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გახსნა. ოფიციალური ცნობებით, მან მოკლა ეზოში მყოფი მოქალაქეები, მათ შორის ისინი, ვინც დაჭრილების დახმარებას ცდილობდნენ.

თავდამსხმელმა მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი. შსს-ს ცნობით, ამის შემდეგ მან თავი, სავარაუდოდ, მოიკლა. თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო იყო. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სროლის დაწყებისას სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის სრულწლოვანი შვილიც. მან მალევე დატოვა ბინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვისა და ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი