ახალი ამბები

ექიმი: დაჭრილებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, სამის კი სტაბილურად მძიმე

20 იანვარი, 2023 • 1022
ექიმი: დაჭრილებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, სამის კი სტაბილურად მძიმე

„ჯეოჰოსპიტალსის“ საგარეჯოს ფილიალის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის თქმით, ამჟამად კლინიკაში 4 პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა „შედარებით კრიტიკულია“.

საუბარია იმ პაციენტებზე, რომლებიც გვიან ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა კორპუსის აივნიდან დაჭრა.

„6 ადამიანი შემოიყვანეს ცეცხლსასროლი ჭრილობით კლინიკაში, მათ შორის ერთი – გარდაცვლილი.  ხუთის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილურად მძიმე.  ოთხს   შესაბამისი ჭრილობები ქირურგიულად დაუმუშავდათ, ერთ პაციენტთან კი ახლა მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაციები. [თავდაპირველად შემოყვანილებიდან] ერთი პაციენტი მსუბუქი ტრავმით გადაყვანილია თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში“, – ამბობს ექიმი.

ის განმარტავს, რომ პირს, რომელიც თბილისში გადმოიყვანეს, თვალის ზედაპირული ტრავმა აქვს, ხოლო დანარჩენებს- ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ნაკვეთი ჭრილობები მუცლის ღრუსა და ქვედა კიდურებში.

„სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი პაციენტის კი, შედარებით კრიტიკული, მას ამ ეტაპზე ოპერაციული მკურნალობა უგრძელდება“, – ამბობს მამუკა ოთიაშვილი „მთავარ არხთან“.


გვიან ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გახსნა. ოფიციალური ცნობებით, მან მოკლა ეზოში მყოფი მოქალაქეები, მათ შორის ისინი, ვინც დაჭრილების დახმარებას ცდილობდნენ.

თავდამსხმელმა მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი. შსს-ს ცნობით, ამის შემდეგ მან თავი მოიკლა. თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო იყო. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სროლის დაწყებისას სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის სრულწლოვანი შვილიც. მან მალევე დატოვა ბინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვისა და ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი