ახალი ამბები

წულუკიანი პოლონეთის სეიმს “არამეგობრულ ჟესტში” ადანაშაულებს

17 იანვარი, 2023 • 892
წულუკიანი პოლონეთის სეიმს “არამეგობრულ ჟესტში” ადანაშაულებს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის სეიმის მიერ რეზოლუციის მიღება არამეგობრული ჟესტია.

წულუკიანის თქმით, ამის უკან “ვანო მერაბიშვილის მეგობარი”, პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟეტა გოშევსკა დგას, რომელიც აღნიშნული რეზოლუციის ავტორია.

„ვწუხვარ, მაგრამ უნდა ჩაითვალოს, რომ ეს პოლონეთის სეიმიდან არამეგობრული ჟესტია. თუმცა ამ ჟესტს აქვს ძალიან მარტივი ახსნა და გასაგები ხდება ყველაფერი, როდესაც ვხედავთ, რომ ამ არამეგობრული ჟესტის შესაბამისი რეზოლუციის უკან დგას მისი ავტორი – ბატონი ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი ქალბატონი გოშევსკა. ამით ყველაფერი არის უკვე ახსნილი.

ჩვენს საზოგადოებას კი ახსნა და განმარტება არ სჭირდება, ვინ არის ვანო მერაბიშვილი. თუ პოლონურ საზოგადოებას აქვს ამის საჭიროება, რომ ავხსნათ, ვინ არის ვანო მერაბიშვილი, ესეც შეგვიძლია, რომ ფაქტებით ავხსნათ, რა კალიბრის კრიმინალთან გვაქვს საქმე და რისთვის იხდიდა ის სასჯელს. ასევე, შეგვიძლია, მათ მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გვირგვლიანის და ძალიან ბევრ სხვა საქმეზე, სადაც ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ფიგურირებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


13 იანვარს პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილს საჭირო მკურნალობის შესაძლებლობა დაუყოვნებლივ მისცეს. რეზოლუციით ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი