ახალი ამბები

“მე რომ მკითხოთ, ცხოველის ყოლა ასე არ შეიძლება” – ზურაბ გურიელიძე ჭიათურაში მაიმუნების ვოლიერზე

16 იანვარი, 2023 • 2523
“მე რომ მკითხოთ, ცხოველის ყოლა ასე არ შეიძლება” – ზურაბ გურიელიძე ჭიათურაში მაიმუნების ვოლიერზე

ფეისბუკზე გავრცელდა მაიმუნების ფოტო, რომლის მიხედვითაც ცხოველები ჭიათურაში, ღია სივრცეში, მცირე ზომის ვოლიერში ჰყავთ განთავსებული.

“ნეტგაზეთი” ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ მაიმუნები “გედების ტბასთან”,  20 კვადრატული მეტრის სიდიდის, “გადახურულ და დათბილულ ვოლიერში” იმყოფებიან, სადაც ასევე დამონტაჟებულია გათბობა. პრესსამსახურის ცნობით, ცხოველები მუნიციპალიტეტმა გასული წლის შემოდგომაზე შეისყიდა, ვოლიერი კი სპეციალისტთან კონსულტაციის შესაბამისად მოაწყვეს.

“ყველანაირი კრიტერიუმები და პირობები, რაც მათ მოვლას სჭირდება, დაცულია”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტში და განმარტავენ, რომ მაიმუნებს გალიაში ენერგიის დასახარჯად საჭირო აქსესუარები და სწორი რაციონალური კვება აქვთ, ვოლიერში არის სისუფთავე და ვეტერინარიც ამოწმებს მათ. რაც შეეხება გათბობას, გამათბობელ მოწყობილობასთან ერთად სითბოს შესანარჩუნებლად ვოლიერი ნაწილობრივ შემინულია და ტემპერატურა 21-23 გრადუსს აღწევს.

ჭიათურის მერიის მუნიციპალიტეტის მიერ გამოგზავნილი ფოტოები ნეტგაზეთმა თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს უჩვენა. ის განმარტავს, რომ აღნიშნული მაკაკებისთვის უმთავრეს პრობლემას არა ტემპერატურა, არამედ საკმარისი სივრცის არარსებობა წარმოადგენს. მისი თქმით, მაიმუნები ინტელექტუალურად ძალიან განვითარებული ცხოველები არიან და ფსიქოლოგიური კომფორტისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ორი სივრცე – ღია ვოლიერი და დახურული ოთახი, სადაც დამალვას შეძლებენ.

ფოტო: ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ფოტო: ჭიათურის მუნიციპალიტეტი

როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტში განმარტეს, ფოტოზე ჩანს ვოლიერში დამონტაჟებული გათბობა. ფოტო: ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ფოტო: ჭიათურის მუნიციპალიტეტი

“ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ცუდ პირობებში არიან, რადგან მათ აქვთ რაღაცები, სადაც ძრომიალს შეძლებენ, ასევე აქვთ ხუხულასავით სივრცეები, სადაც შევლენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამ ვოლიერს უნდა დაემატოს დახურული ვოლიერიც, სადაც დაიმალებიან, და ასევე უნდა ჰქონდეთ ღია ვოლიერი. არ უნდა იყოს ან ერთი, ან მეორე, უნდა ჰქონდეთ ორივე და ისინი თავად გადაწყვეტენ, შევიდნენ თუ არა. ასევე, 4 მაიმუნისთვის 20 კვადრატული მეტრი ტერიტორია საკმარისი არ არის.

მე რომ მკითხოთ, ცხოველის ყოლა ასე არ შეიძლება, მით უმეტეს, მაიმუნების. ისინი ინტელექტუალურად ძალიან განვითარებული ცხოველები არიან… ყველა ცხოველს, რომელიც გალიაში იმყოფება, უნდა ჰქონდეს ფუნქცია. ამ შემთხვევაში გართობა ფუნქცია არ არის. რაც არ უნდა კარგი პირობები შეუქმნათ, თუ მას ფუნქცია არ აქვს, მაშინ ის არ უნდა იყოს გალიაში”, – განმარტა გურიელიძემ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის განცხადებით, მაკაკის ჯიშის მაიმუნები ამჟამად ადაპტაციას გადიან, მომავალში კი იგეგმება მათი პირობების გაუმჯობესება.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა. უწყების განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაწყებული აქვს საქმისწარმოება.

“შესაბამისი დოკუმენტების მიღებისა და განხილვის შემდგომ კი გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები”, – განმარტავენ სააგენტოში.

მათი ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტს შესაბამისი დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე 2022 წლის დეკემბრის ბოლოს მიმართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი