ახალი ამბები

დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილ პარტნიორ ქალს პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელა – საგამოძიებო

16 იანვარი, 2023 • 2896
დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილ პარტნიორ ქალს პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელა – საგამოძიებო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა კაცი, რომელმაც ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა მასთან დაშორების შემდეგ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებული კაცი მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალს 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა.

„მას შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, აღნიშნულით განაწყენებული, ბრალდებული შანტაჟის და შურისძიების მიზნით, სოციალურ ქსელ facebook-ზე სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდა, სადაც დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა და დაზარალებული ქალის ნაცნობი პირების მეგობრებში დამატების გზით ზემოაღნიშნული ფოტოსურათები ხელმისაწვდომი გახადა, რითაც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყო“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

აღნიშნული პირი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 იანვარს დააკავა. მას ბრალდება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი