ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში სურსათის და წამლების დეფიციტია | ბლოკადის 35-ე დღე

16 იანვარი, 2023 • 1575
ყარაბაღში სურსათის და წამლების დეფიციტია | ბლოკადის 35-ე დღე

„აფთიაქებში მწვავე დეფიციტი შეიქმნა ანტიბიოტიკებზე და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე,  ასევე, დეფიციტშია ბავშვთა კვება.  სასურსათო მაღაზიებში აღარ იყიდება რძე და კვერცხი. საკვების მარაგების სიმწირის გამო 20 იანვრიდან სატალონე სისტემის ამოქმედება იგეგმება”, – თვითაღიარებული ყარაბაღის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს “კავკაზსკი უზელი”.

ყარაბაღის მხარის ცნობითვე, ყარაბაღში ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაც შეიქმნა, რადგან სომხეთიდან ვეღარ ჩამოდიან და 400-მდე პაციენტს ვერ უტარდება ქირურგიული ოპერაცია.

“ლაჩინის კორიდორის ბლოკადის გამო 720-ზე მეტი საწარმოს მუშაობა შეჩერდა  და 3400 -მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა”,-  აცხადებს თვითაღიარებული ყარაბაღის მთავრობა.

განათლების სამინისტროს ცნობით კი, საბავშვო ბაღები საკვების დეფიციტის გამო კვლავ დაკეტილი რჩება.

ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთისა და ყარაბაღის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა – ლაჩინის კორიდორი ჩაკეტა, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული სახის პრობლემები შეუქმნა.

“ის, რაც ხდება ლაჩინის კორიდორში, პირველ რიგში, მიმართულია მთიანი ყარაბაღის სომხების ნების წინააღმდეგ, იცხოვრონ საკუთარ სამშობლოში”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფაშინიანის თქმით, სიტუაციის დასარეგულირებლად სომხეთს გავლენის ინსტრუმენტი არის მუშაობა, რომ მოხდეს საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა აზერბაიჯანზე.

ერთადერთი გზა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, 12 დეკემბრიდან არის ჩაკეტილი აზერბაიჯანელი “ეკოაქტივისტების” მიერ. ოფიციალურად მიზეზად მათ დაასახელეს ყარაბაღში არსებულ საბადოებზე აზერბაიჯანული მხარის წვდომაზე შეზღუდვა და იქ შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები. თუმცა, სომხური მხარე და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიზანი არის ყარაბაღელების იზოლაცია, მათთვის ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა და ეთნიკური წმენდა.

ამასთან, აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ მძიმე პაციენტების სომხეთის ტერიტორიაზე გადასაყვანად აზერბაიჯანელი აქტივისტები “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” მანქანებს შეუფერხებლად ატარებენ.

ჩაკეტილი გზის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება სტეპანაკერტში და ჩაკეტილ გზასთან ახლოს. ასევე, აქციებს მართავენ სომეხი აქტივისტები, რომლებიც შექმნილ ვითარებაში რუსეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას, რადგანაც, მათი მტკიცებით, სწორედ რუსმა სამშვიდობო ძალებმა აიღეს ვალდებულება, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის ლაჩინის კორიდორს შეუფერხებლად ემუშავა.

ლაჩინის კორიდორი სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით გაფორმდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდნენ ლაჩინის კორიდორს.

მასალების გადაბეჭდვის წესი