ახალი ამბები

მადლობა HRW-ს ჩემს პოლიტპატიმრობაზე უმაღლესი კვალიფიკაციის დასკვნისთვის – გვარამია

12 იანვარი, 2023 • 1334
მადლობა HRW-ს ჩემს პოლიტპატიმრობაზე უმაღლესი კვალიფიკაციის დასკვნისთვის – გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Human Rights Watch-ის ახალ ანგარიშს ეხმიანება და აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ მისი პოლიტპატიმრობა უმაღლესი კვალიფიკაციითა და სიზუსტითაა შეფასებული.

გვარამიას განცხადება მის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციას Human Rights Watch -ს ჩემს პოლიტპატიმრობაზე უმაღლესი კვალიფიკაციითა და დიდი სიზუსტით გაკეთებული მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნისთვის.

აქვე, მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ნათესავსა და გულ შემატკივარს, ვისაც არ ვავიწყდები და დაუღალავად მეხმარება ჩემი სიმართლის დამტკიცებაში; ემოციურად მამხნევებს, ეხმარება ჩემს ოჯახს.

დიდი მადლობა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატს, ასევე, ჩემს ადვოკატებს, ვინც შექმნა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად გადამწყვეტი მტკიცებულებები და შეფასებითი ბაზა“, – აცხადებს გვარამია.

ამასთან ნიკა გვარამია საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს, რომ დროულად დაასრულოს მისი საქმის განხილვა.

„მოთმინებით და მტკიცედ ველოდები ჩემი საქმის განხილვას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მოვუწოდებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დროულად დაასრულოს ჩემი საქმის განხილვა. ცხადია, გამართლების მოლოდინი არც მაქვს და ვერც მექნება. ერთადერთი, ვთხოვ, დროზე გამოიტანონ წინასწარ ყველასთვის ცნობილი განაჩენი, რომ შევძლო მივმართო სტრასბურგის სასამართლოს და იქ ვიბრძოლო საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად“, – აცხადებს გვარამია.


დღეს, 12 იანვარს გამოქვეყნდა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის  “ჰუმან რაითს უოჩის” [ HRW] ახალ ანგარიში, რომელიც აფასებს ქვეყნების მდგომარეობას 2022 წელს.

საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშში წერია, რომ “გაუარესდა მდგომარეობა მედიის თავისუფლების მხრივ, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა“.
საქართველოში გაუარესდა მდგომარეობა მედიის თავისუფლების მხრივ – HRW -ის ახალი ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი