ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი სომხეთს მოუწოდებს, შეეშვას ფილოსოფიას და მასთან მუშაობა გააგრძელოს

12 იანვარი, 2023 • 1802
მოსკოვი სომხეთს მოუწოდებს, შეეშვას ფილოსოფიას და მასთან მუშაობა გააგრძელოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 12 იანვრის ბრიფინგზე კითხვას უპასუხა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში რუსეთის ჩართულობაზე სომხეთის პოლიტიკის შესახებ.

კითხვა შეეხებოდა ფაშინიანის უკანასკნელ განცხადებას სომხეთის მზაობაზე, ხელი მოაწეროს რუსეთის მიერ შეთავაზებულ სამმხრივ დოკუმენტს მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირების შესახებ.

“რთულია სომხური მხარის პოზიციის შეფასება, როდესაც ოფიციალური ერევნის განცხადებები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. მეორე მხრივ, სომხური მხარე აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ შეთავაზებულ “კომპლექსურ გადაჭრას” ამჯობინებს”, – ამბობს ზახაროვა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აქვე  გაიხსენა, რომ 23 დეკემბერს მოსკოვში დანიშნულ სამმხრივ შეხვედრაზე სომხურმა მხარემ ვიზიტი გააუქმა, რამაც, ზახაროვას თქმით, “ხელი შეუშალა სამშვიდობო შეთანხმების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას, ლაჩინის კორიდორის საკითხის ჩათვლით”.

“თუ სომეხი პარტნიორები რეალურად არიან დაინტერესებული პრობლემების გადაჭრით უმაღლეს დონეზე სამმხრივი შეთანხმებების ფორმატში, მაშინ ნაცვლად იმისა, რომ სქოლასტიკით [განმარტება: ფილოსოფიური მიმართულება; უსაგნო მსჯელობა] დაკავდნენ, გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა. რუსეთის შეთავაზება, ხელი შეუწყოს სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მიზნით, ძალაში რჩება”.

ბოლო დროს რუსეთის მიმართ სომხეთის ღია კრიტიკა იზრდება. რამდენიმე კვირის წინ სომხეთის ხელისუფლებამ საჯაროდ დაადანაშაულა მისი სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი, რომ მასზე სომხეთზე ზეწოლას ახდენს, დაუთმოს აზერბაიჯანს საგზაო კორიდორი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე, შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს, რომელიც ჩამოყალიბების ეტაპზეა.

ამასთან, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, შესუსტდა რუსეთის, როგორც ერთადერთი შუამავლის პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირებაში. დღეს კონფლიქტში მედიატორებად ევროსტურქტურებიც აქტიურად არიან ჩართული, რაც მოსკოვის გაღიზიანებას იწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი