ახალი ამბები

კრემლმა უარყო ინფორმაცია, რომ კაცებს რუსეთის დატოვება ეკრძალებათ

11 იანვარი, 2023 • 689
კრემლმა უარყო ინფორმაცია, რომ კაცებს რუსეთის დატოვება ეკრძალებათ

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, კრემლმა უარყო ინფორმაცია, რომ კაცებს რუსეთის დატოვება ეკრძალებათ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა საინფორმაციო დივერსია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  9 იანვრიდან შეიზღუდა სამხედრო სამსახურისთვის შესაფერისი მოქალაქეების რუსეთიდან გასვლა.

”დიახ, ეს ჩვეულებრივი საინფორმაციო ფინტია, საინფორმაციო დივერსია, მოდი, ასე ვთქვათ“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე უარყო, რომ რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ახალი ტალღა იგეგმება. მისი თქმით, რუსეთი „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ახალ ტალღას არ ამზადებს.

უკრაინულ მედიაში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 იანვრიდან რუსეთის დატოვება ეზღუდებოდათ მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურისთვის მზადყოფნაში არიან.

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში ახალი მობილიზაცია, სავარაუდოდ, 15 იანვარს გამოცხადდება. მათივე ცნობით, მობილიზაციის ახალი ტალღა შეეხება რუსეთის 500 000-მდე მოქალაქეს.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური აცხადებს, არსებობს ახალი მობილიზაციის განკარგულების პროექტი და ამჯერად ისეთ დიდი ქალაქების მცხოვრებლებსაც შეეხებათ, როგორიცაა მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი.


რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტმბერს გამოცხადდა. რუსეთის მთავრობის ცნობით, ის 300 ათასს ადამიანს შეეხო. მათივე განცხადებით, გაწვევა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეხოთ, ვინც რეზერვში იმყოფება ან/და შესაბამისი სამხედრო გამოცდილება ჰქონდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ 28 ოქტომბერს გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი