ახალი ამბები

ჰოჯესის თქმით, საქართველოს მთავრობამ საკუთარი თავი „კრემლს მიაბა“

10 იანვარი, 2023 • 900
ჰოჯესის თქმით, საქართველოს მთავრობამ საკუთარი თავი „კრემლს მიაბა“

ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ საკუთარი თავი „კრემლს მიაბა“. ამის შესახებ გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა „საქართველოს ომში ჩათრევის რისკს არ ქმნის“, ხოლო უკრაინასთან დაკავშირებით ხალხის პოზიცია და მთავრობის ქმედებები დიდად განსხვავდება.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიაბა მთავრობამ საკუთარი თავი ამ უბედურებას, კრემლს. არ მომდის თავში პოზიტიური სცენარი, რომელიც შეიძლება დადგეს ისეთი საქართველოსთვის, რომელიც არ უჭერს მხარს უკრაინას.

საჯაროდ მაინც შეიძლება თქმა, რომ უკრაინა „კარგი ტიპია“, რუსეთი კი – აგრესორი.

არის სანქციები, სხვადასხვანაირი სამართლებრივი გზები… უკრაინის მხარდაჭერა არ უქმნის საქართველოს ომში ჩათრევის რისკს, საქართველო ასე ისტორიის სწორ მხარეს იქნება.

ამას ვამბობ, როგორც გარე მაყურებელი. ჩემი შეფასებით, ქართველთა უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას. როგორც ჩანს, ხალხის სურვილსა და მთავრობის ქმედებებს თუ უმოქმედობას შორის განსხვავებაა.

როგორ დასრულდება ეს საქართველოსთვის, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. სად გინდათ ერთ წელიწადში ყოფნა, როცა რუსეთმა შეიძლება, დაშლა დაიწყოს?“, – აღნიშნა ჰოჯესმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი