ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის ნაყიდი გენერატორები უკრაინაშია

6 იანვარი, 2023 • 1676
საქართველოს მთავრობის ნაყიდი გენერატორები უკრაინაშია

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მთავრობის ნაყიდი 25 გენერატორი უკრაინაშია და ის სხვადასხვა ქალაქში უკვე გაანაწილეს.

გენერატორები მიაწოდეს ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს.

სამრეწველო დანიშნულების გენერატორები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკრაინისთვის 1.5 მილიონ ლარად 2022 წლის დეკემბრის ბოლოს შეიძინა. ამ გენერატორებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში შეძლებენ მუშაობას.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიზანმიმართულად დაბომბა უკრაინის ენერგოობიექტები, კრიტიკული დანიშნულების ობიექტებსაც კი შეზღუდულად მიეწოდება ელექტროენერგია. ამის გამო კიევმა მეგობარ სახელმწიფოებს გენერატორების მიწოდებისკენ მოუწოდა.

საქართველოში სხვადასხვა სახის გენერატორი სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში შეიძინეს და უკრაინაში რამდენიმე კვირის წინ გაგზავნეს.

საქართველოში უკრაინის საელჩომ 6 დეკემბერს თქვა, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებას გენერატორების გადაცემის თხოვნით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა პასუხი არ ჰქონდათ მიღებული.

საელჩოს ამ განცხადებამ საქართველოს ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნაწილის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ამის შემდეგ მალევე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინისთვის მაღალი სიმძლავრის გენერატორებს შეიძენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი