ახალი ამბები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მე-6 კენჭისყრის შემდეგაც სპიკერის გარეშე დარჩა

5 იანვარი, 2023 • 845
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მე-6 კენჭისყრის შემდეგაც სპიკერის გარეშე დარჩა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობამ კვლავ ვერ შეძლო სპიკერის არჩევა.

სპიკერის პოსტის დაკავებას 4 იანვარს მეექვსედ შეეცადა უმრავლესობის ლიდერი კევინ მაკარტი, რომელსაც მხარს უჭერს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში 222 ადგილს იკავებენ, დემოკრატები კი — 212-ს.

მაკარტის 218 ხმა სჭირდება სპიკერის პოსტის დასაკავებლად, თუმცა 20-მდე რესპუბლიკელი უარს აცხადებს მის მხარდაჭერაზე. უთანხმოება რესპუბლიკურ პარტიაში ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაღრმავდა. წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკელები, რომლებიც მაკარტის განუდგნენ, მხარს უჭერენ უფრო მეტად კონსერვატიული შეხედულებების მქონე ჯიმ ჯორდანს. თავის მხრივ, ჯორდანს საკუთარი კანდიდატურა არ წამოუყენებია და ამ დრომდე მაკარტის მხარდამჭერად რჩება.

სპიკერის არჩევა მნიშვნელოვანია თავად რესპუბლიკური პარტიისთვისაც, რადგან კონგრესი ამ დრომდე, ფაქტობრივად, პარალიზებულია. ანალიტიკოსების აზრით, დაპირისპირების გამწვავება ასევე ხელს შეუშლის წარმომადგენელთა პალატის მიერ გარკვეული რეფორმების განხორციელებას, რამაც, შესაძლოა, გარკვეული სარგებელი მოუტანოს რესპუბლიკელებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

არჩევის შემთხვევაში, კევინ მაკარტი სპიკერის პოსტზე დემოკრატ ნენსი პელოსის ჩაანაცვლებს. საპრეზიდენტო მემკვიდრეობის რიგში წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მეორეა ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ.

ფოტოზე: კევინ მაკარტი/EPA-EFE/MICHAEL REYNOLDS

მასალების გადაბეჭდვის წესი