ახალი ამბები

ენმ და ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს სხვადასხვა ადგილას მართავენ

3 იანვარი, 2023 • 1433
ენმ და ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს სხვადასხვა ადგილას მართავენ

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია 4 იანვარს, 18 საათზე, საქართველოში, 8 სხვადასხვა ადგილზე დააანონსა.

თავის მხრივ, პარტიული გადაწყვეტილებას გადაუხვია პარტიის წევრმა და თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც დღეს, 3 იანვარს თქვა, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერად 4 იანვარს ერთი აქცია გაიმართება თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან, მსვლელობით ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ, მეორე კი — შეკვეთილში, მის სახლთან.  სააკაშვილის სოლიდარობის აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რუსი ბლოგერის, მარკ ფეიგინის ინიციატივით იმართება.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, აქციების განსხვავებული ფორმით ჩატარების შესახებ, მალევე უპასუხა:

„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სოლიდარობის აქცია პარტიის მიერ 31 დეკემბერს დაიგეგმა, მათ შორის, შეირჩა ლოკაციებიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა. შესაბამისად, პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც მედიაშიც გაჟღერდა, სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს, 18:00 საათზე, მშვიდობის ხიდზე გაიმართება.

ხოლო ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება არა 2, არამედ 8.

8 ლოკაციიდან 3 – თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს. პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ.

სოლიდარობისა და მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18 საათზე:

  • თბილისი – მშვიდობის ხიდი;
  • ქუთაისი – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია;
  • ბათუმი – თავისუფლების კვარტალი, კონსტანტინე გამსახურდიას 9;
  • ზუგდიდი – ზუგდიდის იუსტიციის სახლთან;
  • ოზურგეთი – ბიძინა ივანიშვილის სახლთან (შეკვეთილში)”

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების გამართვა დაგეგმილია მსოფლიოს რამდენიმე ქალაქშიც, საქართველოს საკონსულოებსა და საელჩოებთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი