საზოგადოება

ვივამედის ექიმი ვერ პასუხობს კითხვას, შესაძლებელია თუ არა სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობის მართვა ამ კლინიკაში

29 დეკემბერი, 2022 • 1118
ვივამედის ექიმი ვერ პასუხობს კითხვას, შესაძლებელია თუ არა სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობის მართვა ამ კლინიკაში

ექიმი ნევროლოგი თამარ აბაშიძე ვერ პასუხობს კითხვას, შესაძლებელია თუ არა კლინიკა ვივამედში იმ ნევროლოგიური დაავადებებისა და მდგომარეობის მართვა, რომელიც ამჟამად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სჭირს.

თამარ აბაშიძე ვივამედის თანამშრომელია, რომელიც სააკაშვილს მკურნალობს. დღეს, 29 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე აბაშიძემ განაცხადა, რომ პირადად მან სააკაშვილს 2 დიაგნოზი დაუსვა:

პოლინეიროპათია (ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც გამოწვეულია პერიფერიული ნერვების მრავალრიცხოვანი დაზიანებით. დაავადება გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით ან ინტოქსიკაციით)
ენცეფალოპათია (თავის ტვინის დიფუზური დაზიანება)

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელ მალხაზ უთქმელიძესა და თამარ აბაშიძეს შორის სასამართლოზე შემდეგი სახის დიალოგი გაიმართა:

მალხაზ ურთქმელიძე: პოლინეიროპათია, ენცეფალოპათია ქრონიკულია… ეს თემები არ იკურნება, ეს ყველამ იცის, მაგრამ მისი მართვა შესაძლებელია თუ არა?

თამარ აბაშიძე: არის შესაძლებელი.

მალხაზ ურთქმელიძე: გიმართავთ ასეთი პაციენტი?

თამარ აბაშიძე: კი, რა თქმა უნდა. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთან ხვდებიან მწვავე პაციენტები და შემდგომ უკვე… ასეთი [სააკაშვილისნაირი] პაციენტი ნამდვილად არ მყოლია.

მალხაზ ურთქმელიძე: პოლინეიროპათია, ენცეფალოპათიის მართვა, პრინციპში, დასაშვებია, ამას იძახით. და როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი დასაშვებია თქვენს კლინიკაში [ვივამედი]?

თამარ აბაშიძე: არ ვარ კომპეტენტური ამაზე პასუხის გასაცემად.

მალხაზ ურთქმელიძე: თქვენს კლინიკაში პოლინეიროპათიანი პაციენტი…

თამარ აბაშიძე: ასეთი პაციენტი არ მიმართავს, შესაბამისად, როგორ გაგცეთ პასუხი? ყველაფერ შესაძლებელს ვაკეთებთ, ვდგამთ ყველა ნაბიჯს იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება პაციენტის მდგომარეობა და ვმქომდებთ გაიდლაინებით, პროტოკოლებით, განახლებადი ინფორმაციით.

დაცვის მხარის ადვოკატის კითხვაზე, უცხოეთის კლინიკაში გადაყვანით გაუმჯობესდება თუ არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ ამის თქმა მისი კომპეტენცია არაა: “სრულყოფილი მკურნალობა აუცილებელია და სადაც ჯობია…” – თქვა ექიმმა.

ნევროლოგის განცხადებით, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ნევროლოგიური თვალსაზრისით, მისი შეფასებით, ეს არის “მძიმე პაციენტი”. მან ასევე დაადასტურა, რომ ზაფხულიდან მოყოლებული პაციენტს აქვს პერმანენტული სიცხე, თუმცა ამის სომატური მიზეზი დადგენილი არ არის. ამის მიზეზი, ექიმის აზრით, შეიძლება იყოს ენცეფალოპათია, მაგრამ შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნია.


სააკაშვილის დაცვის მხარე ცენტრ ემპათიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე ექსპრეზიდენტის პატიმრობის გადავადებას ან მის გათავისუფლებას ითხოვს. ემპათიის დასკვნის მიხედვით, რომელსაც ხელს ამერიკელი ექსპერტებიც აწერენ, ექსპრეზიდენტს არაერთი მძიმე დაავადება აქვს, მათ შორის შეძენილი დემენცია. ამერიკელი ტოქსიკოლოგის მიხედვით, მისი დაზიანებები მძიმე მეტალებით მოწამვლას უკავშირდება. პენიტენციური სამსახური მისი გათავისუფლებას ეწინააღმდეგება, ხოლო “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები სააკაშვილს ცუდად ყოფნის სიმულირებაში ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი