ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც „ბელტა“ წერს, ბელარუსის ხელისუფლების თქმით, შემთხვევა 29 დეკემბერს, დილის საათებში მოხდა. მათი თქმით, ჩამოვარდნილია S-300 ტიპის რაკეტა. S-300 საბჭოთა/რუსული წარმოების ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემაა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. გამოცემა წერს, რომ ბელარუსის ხელისუფლება მომხდარის ორ შესაძლო მიზეზს განიხილავს:
„შესაძლოა, რაკეტა ბელარუსის ტერიტორიაზე, როგორც პოლონეთის შემთხვევაში მოხდა, შეცდომით შეფრინდა, ან ის ბელარუსის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო“, – აცხადებენ ქვეყნის ხელისუფლებაში.
29 დეკემბერს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჯამში, რუსეთმა უკრაინას 69 ფრთოსანი რაკეტა რაკეტა ესროლა, რომელთა დიდი ნაწილი, (54) უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო. თავდასხმის შედეგად ზიანი კიევის, ლვოვის, ხარკოვის, ოდესისა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებს მიადგა.