ახალი ამბები

„პუტინის გზის კლასიკური გამეორება“ — ოპოზიცია „ხალხის ძალის“ ინიციატივებზე

29 დეკემბერი, 2022 • 1047
„პუტინის გზის კლასიკური გამეორება“ — ოპოზიცია „ხალხის ძალის“ ინიციატივებზე

ოპოზიციის წარმომამდგენლები „ხალხის ძალის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას ეხმიანებიან და  მას რუსული კანონმდებლობის გამეორებად  და საქართველოს ევროპული მომავლისთვის რისკის შემქნელად აფასებენ.

საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების,  „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების მიერ დღეს, 29 დეკემბერს, წარდგენილ ინიციატივებზე, რომელიც “უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის” შექმნასა და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას“ ითვალისწინებს.

მათი განცხადებით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და „საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად“.

როგორც ნეტგაზეთთან პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ რუსული ფრთის გაგრძელებაა და სწორედ „ოცნების“ განზრახვაა, რომ კრიტიკულ მედიასა და სამოქალაქო სექტორს გაუსწორდეს.

„მე პროექტი არ მაქვს ნანახი, მარგამ მათი განცხადებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოურ აგენტებად დარეგისტრირება რუსეთის მსგავსი კანონი იქნება და სახელმწიფოს [მათ საქმიანობაში] ჩარევის შესაძლებლობა ექნება. ეს იყო ყველაზე საგანგაშო და შემაშფოთებელი ამ ყველაფერში.

აფხაზეთშიც კი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ე.წ. ჰარმონიზაციიდან გამომდინარე რუსეთის ანალოგიური კანონმდებლობა უნდა იყოს, აფხაზური საზოგადოება დღემდე ეწინააღმდეგება, რომ არასამთავრობო სექტორი უცხო ქვეყნის აგენტებად დარეგისტრირდეს და საქართველოში, რომელიც დამოუკიდებელია, როდესაც გვესმის, რომ რუსულ ყაიდაზე სურთ გადასვლა და არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შეზღუდვა სურთ, ეს არის პუტინის გზის კლასიკური გამეორება“, – აცხადებს თეონა აქუბარდია.

თუმცა, მისი თქმით, ის, რაც გამოუვიდა პუტინს რუსეთში, ეს საქართველოში არ გამოუვა, რადგან საქართველოს მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მსგავსი არ არის.

„უსაფრთხოების სახელით დემოკრატიის შესუსტება არის ავტორიტარული სახელმწიფოების ნაცადი ხერხი. იქ, სადაც არც უსაფრთხოებაა და არც დემოკრატია, მივიღებთ ჩვეულებრივ მართვად ქაოსს და კრემლის ოცნების ახდენას, როცა გავლენა ექნებათ როგორც ქვეყნის საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაზე“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მძლავრი წინააღმდეგობა როგორც დასავლელი პარტნიორების, ისე საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხრიდან, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს კანონი მიიღოს.

„ეს არათუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად იქნება ხეირიანი, არამედ პირდაპირ კრემლთან დააახლოებს საქართველოს. ამიტომ წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ ყველანაირად, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს“, – ამბობს თეონა აქუბარდია.

„ხალხის ძალის“ მიერ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას საქართველოს ევროპული მომავლისთვის რისკის შემცველად მიიჩნევს პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური.

როგორც ანა ბუჩუკური ნეტგაზეთთან ამბობს, ეს არის ის, რაც პუტინმა რუსეთში გააკეთა და „ოცნების“ წევრებს მიმართავს, რომ გავლენის აგენტების მოძებნა თავიანთი რიგებიდან დაიწყონ.

„ყველამ კარგად იცის, რომ ეს ცხრიანი თუ ვინც არიან, კვლავ „ქართული  ოცნების“ წევრები არიან ფაქტობრივად და მათ უმრავლესობა არ დაუტოვებიათ. ისინიც არის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და იარაღი, თორემ ცალკე მათგანს რომელს აქვს თავისუფალი ნება, სოზარ სუბარს თუ დიტო ხუნდაძეს?! ამიტომ ეს ადამიანები აკეთებენ ზუსტად იმას, რასაც მათ ეუბნებიან. მიიღებენ თუ არა [ამ კანონებს], გამოჩნდება, მორალი რომ არ დაუშლით მათ, ესეც ვიცით და სხვანაირი წარმოდგენა ვერ გვექნება.

აქ მთავარი არის ის, რომ მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირის მხრიდან გამადიდებელი შუშის ქვეშაა და ველოდებით კანდიდატის სტატუსის მიღებას, მსგავსი რუსული მეთოდის პროექტის შემოგდება სხვა არაფერია თუ არა საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის რისკის შექმნა და თუ არა ის, რითაც დაიწყო პუტინმა რუსეთში“, – აცხადებს ანა ბუჩუკური.

მასალების გადაბეჭდვის წესი