ახალი ამბები

ვარშავაში საახალწლო ღონისძიებას არ ჩაატარებენ

29 დეკემბერი, 2022 • 964
ვარშავაში საახალწლო ღონისძიებას არ ჩაატარებენ

ვარშავის მერია 31 დეკემბრის ღამით საახალწლო ღონისძიების მოწყობას არ აპირებს. პოლონეთის დედაქალაქის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას ფინანსური ფაქტორებითა და უკრაინაში მიმდინარე ომით ხსნის.

როგორც ვარშავის მერიაში განუცხადეს “პოლონეთის პრესის სააგენტოს”, ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ხარჯებს ამცირებენ და პირველ რიგში ეს ეხება გასართობ აქტივობებს.

“ახლა ასეთ ხარჯს ვერ გავწვდებით და ამიტომ, ახალი წლის ღამე ჩვენით უნდა აღვნიშნოთ”, — ამბობენ უწყებაში.

მერია ხაზს უსვამს მძიმე ვითარებასაც უკრაინაში:

“უკრაინაში, ჩვენი აღმოსავლეთი საზღვრის მიღმა, მიმდინარეობს სასტიკი, სისხლიანი, ულმობელი ომი, რომლის გამოც ადამიანები ყოველდღე იხოცებიან. ამიტომაც, ახლა არ არის კლიმატი, რომელიც ასეთი განსაკუთრებული, მხიარული ღონისძიების ორგანიზებას შეუწყობდა ხელს”.

გარდა ამისა, ვარშავის მერია და საკრებულო მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ გამოიყენონ პიროტექნიკა ახალი წლის აღსანიშნავ ღონისძიებებზე.

მერიაში აღნიშნავენ, რომ ფოიერვერკის ხმა უარყოფით გავლენას ახდენს ცხოველებზე, თუმცა ხაზს უსვამენ კიდევ ერთ მიზეზს, რომელიც წელს გაჩნდა:

“ფოიერვერკმა და სროლამ შესაძლოა, უარყოფითი ასოციაციები აღძრას ჩვენს უკრაინელ სტუმრებში, რომელთაგან დაახლოებით 100 000 ვარშავაში ცხოვრობს”.

რუსეთმა ევროპის ქვეყნებს, მათ შორის, პოლონეთს, 2022 წელს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რაც წარმოადგენს შურისძიებას უკრაინაში წარმოებული ომის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის. საპასუხოდ ევროპის მთავრობები და სხვა ინსტიტუციები ენერგეტიკული რესურსების დაზოგვის სხვადასხვა გზას მიმართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი