ახალი ამბები

შეუძლებელია, კმაყოფილი იყო, ჯერ რეფორმა არ დასრულებულა — კალაძე საზ. ტრანსპორტზე

28 დეკემბერი, 2022 • 722
შეუძლებელია, კმაყოფილი იყო, ჯერ რეფორმა არ დასრულებულა — კალაძე საზ. ტრანსპორტზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ ქალაქში არსებული ვითარებით კმაყოფილი არ არის, თუმცა ამ მიმართულებით რეფორმა ჯერ არ დასრულებულა და ახლა “ყველაზე მნიშვნელოვან, რთულ ეტაპზეა”. ამის შესახებ მან დღეს, 28 დეკემბერს საკრებულოში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

“მე თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ თუ არა იმით, რაც ხდება ქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, შეუძლებელია, იყო კმაყოფილი. პირველი – ჯერ რეფორმა არ დასრულებულა, და მეორე – ჩვენ ვართ გარდამავალ ეტაპზე. დღეს გავდივართ ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე რთულ ეტაპს, ყველანაირი თვალსაზრისით. ავიღოთ საზოგადოების დამოკიდებულება თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, თუნდაც შესაბამისი ზოლების გაჩენა ავტობუსებისთვის და მიკროავტობუსებისთვის, ეს ყველაფერი სიახლეა საზოგადოებისთვის და ბევრს ვერ წარმოუდგენია და შეიძლება არც იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.

ცხადია, მე არავის მოვუწოდებ, რომ მანქანები გააჩერეთ და აუცილებლად გადადით [საზ. ტრანსპორტზე]. არა, მეგობრებო, ეს თქვენი ნებაა, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანის უფლებაა, იმგზავრებს კერძო ავტომობილით, ავტობუსით, მიკროავტობუსით, მეტროთი, ეკომეგობრული ტრანსპორტით, ველოსიპედით თუ თუნდაც გადაადგილდეს ფეხით. ეს მათი არჩევანია. უბრალოდ, მე ერთ რამეს ვპირდები თბილისის მოსახლეობას, რომ ამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იქნება კომფორტული”, – განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი