ახალი ამბებირეკლამა

„აჭარისწყალი ჯორჯია“ ხულოში აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელ კურსს აფინანსებს

28 დეკემბერი, 2022 • 835
„აჭარისწყალი ჯორჯია“ ხულოში აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელ კურსს აფინანსებს

თამუნა შავაძე აბიტურიენტია. წელს სკოლას ამთავრებს და უნივერსიტეტში აბარებს. თამუნასა და მისი მშობლებისთვის დიდი თავსატეხი იყო, როგორ ევლო გოგოს რეპეტიტორებთან სხვადასხვა საგანში მოსამზადებლად. სოფელ ირემაძეებში, სადაც თამუნა ცხოვრობს, ყველა საგნის რეპეტიტორი არ არის, ამიტომ თამუნა ოჯახთან ერთად ან ბათუმში უნდა გადასულიყო საცხოვრებლად, ან სხვადასხვა სოფელში ცალ-ცალკე უნდა ევლო რეპეტიტორებთან – ეს ბევრი დროის გარდა, დამატებით ფინანსურ რესურსსაც საჭიროებდა.

სულ მცირე 300-400 ლარი სჭირდებოდა თვეში თამუნას ეროვნულ გამოცდებში მოსამზადებლად.

თამუნა შავაძე, აბიტურიენტი.

მერე შეიტყო, რომ სოფელ დიდაჭარის სკოლაში შეეძლო უსასყიდლოდ ევლო ყველა იმ საგნის მასწავლებელთან დამატებით, რომელ საგნებშიც სჭირდებოდა მომზადება ჩასაბარებლად.

თამუნა შავაძეს სურს ფსიქოლოგი გახდეს და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას.

თამუნას მსგავსად დიდაჭარის სკოლაში კიდევ 25 აბიტურიენტს უტარდება რეპეტიტორებთან დამატებითი გაკვეთილები სასურველ საგანში.

კომპანიამ „აჭარისწყალი ჯორჯია“ წელს პირველად დააფინანსა სოფელ დიდაჭარაში მოსამზადებელი კურსი ყველა აბიტურიენტისთვის, ვისაც ეს სჭირდება, არამხოლოდ სოფელ დიდაჭარაში, არამედ მიმდებარე სოფლებშიც.

აბიტურიენტები, როგორც დიდაჭარიდან, ასევე სხვადასხვა სოფლებიდან, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ რეპეტიტორების გაკვეთილებს ესწრებიან დიდაჭარის სკოლაში. ისტორია, ბიოლოგია, უცხო ენა, ქართული და მათემატიკა – ეს იმ საგნების ჩამონათვალია, რაშიც აბიტურიენტები ემზადებიან.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ თავდაპირველად დიდაჭარის სკოლის დირექტორმა, იოსებ შავაძემ მიმართა და სკოლაში მოსამზადებელი კურსის დაფინანსება სთხოვა.

„ძალიან რთული ეკონომიკური მდგომარეობაა დიდაჭარასა და მიმდებარე სოფლებში. ჩვენთან ადრე იყო მოსამზადებელი განყოფილება, ხიჭაურის უნივერსიტეტი და სხალთის ეპარქია აფინანსებდა აქამდე, მაგრამ მათ ფინანსები შეუმცირდათ და აბიტურიენტები ჰაერში დარჩნენ.

რომ ვეღარ ემზადებოდნენ ბავშვები, მერე ეს მისაღები გამოცდების შედეგებზეც აისახა უარყოფითად. სწორედ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მივმართე „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მშობლების, მოსწავლეების თხოვნით“, – ამბობს სკოლის დირექტორი იოსებ შავაძე.

„აჭარისწყალი ჯორჯიას” მიერ დაფინანსებული მოსამზადებელი კურსი დიდაჭარაში. ინგლისური ენის გაკვეთილი.

მისი თქმით, კომპანიას დიდაჭარის სკოლის სხვა პროექტშიც მიუღია მონაწილეობა. „აჭარისწყალი ჯორჯია“ თანადამფინანსებელი იყო სკოლის სპორტული დარბაზის გარემონტებისას.

„აბიტურიენტები სხვადასხვა სოფლიდან დადიან: საციხურიდან, ირემაძეებიდან. ზოგი ბებია-ბაბუასთან დაბრუნდა დიდაჭარაში აქ რომ გაიაროს მოსამზადებელი კურსი. წალკიდანაც კი გვყავს ასეთი აბიტურიენტი“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ისტორიის მასწავლებელი, ხათუნა გობაძე მიიჩნევს, რომ ანაზღაურება, რასაც კომპანია უხდის მოსამზადებელ კურსზე მასწავლებლებს, ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავლის წყაროა მათთვის. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქტები ვეღარ აძლევს სოფლად მცხოვრებ ყველა ადამიანს შრომის შესაფერის შემოსავალს.

ისტორიის მასწავლებელი, ხათუნა გობაძე.

ბიოლოგიის მასწავლებელი რუსუდან წულუკიძე 13 წელია, რაც სკოლაში ასწავლის. მისი თქმით, მასწავლებლისთვის ძალიან მოსახერხებელია აბიტურიენტების მომზადება სასკოლო სივრცეში, სახლში მეცადინეობისგან განსხვავებით. რუსუდან წულუკიძე განაპირა სოფელში ცხოვრობს და დიდაჭარის სკოლაში სპეციალურად დადის მოსამზადებელი კურსის ჩასატარებლად.

ქართულის მასწავლებელს, შორენა გობაძეს კარგი მოლოდინი აქვს აბიტურიენტებისგან და ფიქრობს, რომ მოსამზადებელი კურსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ შედეგებს მისაღებ გამოცდებზე.

ქართული ენის მასწავლებელი, შორენა გობაძე.

ინგლისურის მასწავლებელი, მერი გელაძე გვეუბნება, რომ მხოლოდ 10-10 ბავშვისგან შედგება თითო ჯგუფი, სწავლის ხარისხი რომ შენარჩუნდეს.

„ყველა დონის მოსწავლე გვყავს, ენის კარგად მცოდნეც და ნაკლებადმცოდნეც, ჩვენი მოვალეობა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლების მეთოდის გამოყენებაა“, – ამბობს ინგლისური ენის მასწავლებელი.

ინგლისური ენის მასწავლებელი, მერი გელაძე.

ქეთი შავაძე დიდაჭარის სკოლის მოსამზადებელი კურსის კიდევ ერთი აბიტურიენტია. მას ელექტრო-კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე სურს სწავლის გაგრძელება.

„ეს განვითარებადი დარგია და ძალიან მაინტერესებს. მომავლის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა კომპიუტერული ინჟინერია, შესაძლებლობა გაქვს შენც იკვლიო, იაზროვნო, გაიზარდო.

ჩაბარებისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი მათემატიკაა. სწორედ ამ საგანში მჭირდება მაღალი ქულა დაფინანსება რომ მივიღო“, – ამბობს აბიტურიენტი.

ქეთი შავაძე, აბიტურიენტი.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ გვეუბნებიან, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მთაში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს, მიუხედავად მათი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობისა, ჰქონდეს საშუალება მიიღოს უმაღლესი განათლება.

„ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ხარჯებთანაა დაკავშირებული აბიტურიენტის მომზადება, მთის მოსახლეობისთვის ეს ორმაგი ხარჯია. განათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდების მხარდაჭერა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ, რომ სოფელ დიდაჭარაში გაგვეხსნა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები, სადაც არა მხოლოდ დიდაჭარის მცხოვრებლებს, არამედ მეზობელი სოფლის მოსწავლეებსაც ექნებათ საშუალება უსასყიდლოდ მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის“, – ამბობს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ კორპორაციული, სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი ნინო დიასამიძე.

მისი თქმით, კომპანია დააკვირდება აბიტურიენტთა შედეგებს მისაღებ გამოცდებზე და წარმატების ტენდენცია თუ გამოიკვეთება, მომავალშიც დააფინანსებენ დიდაჭარაში მოსამზადებელ კურსს.

„აჭარისწყალი ჯორჯიას” მიერ დაფინანსებული მოსამზადებელი კურსი დიდაჭარაში. ინგლისური ენის გაკვეთილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი