ახალი ამბები

საკრებულოში კალაძის მოხსენებისას დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა

28 დეკემბერი, 2022 • 751
საკრებულოში კალაძის მოხსენებისას დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისის საკრებულოში კახა კალაძის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას დაპირისპირება მოხდა გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი ეძგვერაძეს შორის.

დაპირისპირება მოჰყვა კონსტანტინე ზარნაძის განცხადებას თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი იანტბელიძის შესახებ:

“მეგობრებო, გიორგი იანტბელიძე იცით, ვინ არის, ვისაც ახლა ესენი ზონდერს ეძახიან? გიორგი იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული და ამ ადამიანებისგან ასეთი შეფასება ნამდვილად არ ეკუთვნის. არც ამ ხალხს არ ეკუთვნის. ეს არის მწვრთნელი, ეს არის ღირსეული ადამიანი…”, – ამბობდა კონსტანტინე ზარნაძე, რა დროსაც ირაკლი ეძგვერაძე წამოდგა და ყვირილით წავიდა ზარნაძის მიმართულებით. ამის შემდეგ სხვა დეპუტატებმაც სცადეს მათი გაშველება.

საბოლოოდ, ირაკლი ეძგვერაძემ დარბაზი დატოვა.

ასევე დღევანდელ სხდომაზე ხმაური მოჰყვა საკრებულოში მოქალაქეების დასწრებასაც. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეები საკრებულოს აივნიდან კომენტარს აკეთებდნენ ოპოზიციონერების განცხადებებსა და შეკითხვებზე. “ქართული ოცნების” წარმომადგენლების, მათ შორის თავად კახა კალაძის განცხადებებს კი აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სხვადასხვა ოპოზიციონერმა, მათ შორის ენმ-ის წევრებმა ანა გოგოლაძემ, ლილე ლიპარტელიანმა და “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრმა ცოტნე კობერიძემ:

“ბატონო კახა, მე მაინტერესებს, ვიცი, რომ სტადიონზე გულშემატკივრები და ფანები გეხმარებოდნენ ემოციურად და კარგი იყო, მაგრამ საკრებულოში რატომ დაგჭირდათ ტაშის დამკვრელები. ტაშის დამკვრელების გარეშე თავს სუსტად გრძნობთ თუ ფანები აქ რატომ გჭირდებათ”, – მიმართა კობერიძემ თბილისის მერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი