ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ომის დროს “პროქართული ინტერესების” გამო ანქვაბისთვის ჯილდოს ჩამორთმევას ითხოვენ

28 დეკემბერი, 2022 •
ომის დროს “პროქართული ინტერესების” გამო ანქვაბისთვის ჯილდოს ჩამორთმევას ითხოვენ

1992-1993 წლების ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “არუაა” აფხაზეთში დე ფაქტო პრემიერის და ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბისთვის პირველი ხარისხის ორდენის “ღირსება და დიდება” მინიჭების წინააღმდეგ გამოდის იმ მიზეზით, რომ მათი მტკიცებით, აფხაზეთის ომის წლებში ანქვაბი ქართულ ინტერესს მოემსახურა.

“აღშფოთებას და პროტესტს გამოვხატავთ  პრეზიდენტ ბჟანიას განკარგულების გამო, რომელმაც მიანიჭა პირველი ხარისხის ორდენი “ღირსება და დიდება”  ექსპრეზიდენტსა და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ალექსანდრ ანქვაბს. უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი უნდა დაჯილდოვნენ უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ადამიანები, ვინც შეუფასებელი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. ანქვაბის წვლილი ჩვენი საზოგადოების დაყოფაში გამოიხატება. მის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული იარაღის გადაცემისთვის აფხაზეთის შსს-დან  მაშინდელი უშიშროების სამსახურისთვის იოსელიანის ხელმძღვნელობით, ფაქტიურად ქართული მხარისთვის. გადაცემის ფაქტი გამოძიებით დადასტურებულია, თუმცა იურისტებმა ეს ფაქტი უფლებამოსილების გადაჭარბებად დააკვალიფიცირეს. ვლადისლავ არძინბამ ანქვაბი დაადანაშაულა, რომ მან იცოდა საქართველოს შემოჭრის გეგმების შესახებ, თუმცა ხელმძღვანელობა არ გაუფრთხილებია, რის გამოც მინისტრის თანამდებობიდან იყო დათხოვნილი და მრავალი წელი, საზოგადოების გაკიცხვის მიზეზით, აფხაზეთში ვერ ჩამოდიოდა.

აფხაზეთის მრავალწლიანმა ეკონომიკურმა ბლოკადამ ყველა პირობა შექმნა მოქალაქეების სოციალური უკმაყოფილებისთვის. ამით მოხერხებულად ისარგებლა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის აღზრდილმა ალექსანდრ ანქვაბმა და ამის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ვეღარ ამოისუნთქა და ვერც საზოგადოებრივ ერთსულოვნებას მიაღწია. თქვენ კი, ასლან გეორგიევიჩ [ბჟანია], საკუთარი გადაწყვეტილებით დისკრედიტაციას ახდენთ უმაღლესი ჯილდოს არსის და მათი ხსოვნისა, ვინც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდა”.

აქვე, ორგანიზაციის წევრები განცხადებაში იხსენებენ ყველა პროექტის წარუმატებლობას მისი პრეზიდენტობის დროს და აცხადებენ, რომ ანქვაბმა ხელისუფლებაში ორი ვადით დარჩენის მიზნით გალში საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზური მოქალაქეობის დარიგება დაიწყო , რამაც 2014 წელს პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

“არუაა” იმედს გამოთქვამს, რომ “დრო ყველაფერს საკუთარ ადგილს მიუჩენს და მომავალი თაობები აფხაზეთში ყველა მოვლენას შეაფსებენ და ანქვაბის ყველა ჯილდოს თუ წოდებას გააუქმებენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი