ახალი ამბები

7 პირი დავაკავეთ, მათ შორის, არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროვებაზე – საგამოძიებო

28 დეკემბერი, 2022 • 680
7 პირი დავაკავეთ, მათ შორის, არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროვებაზე  – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის სხვადასხვა საქმეზე 7 პირი ამხილა.

გამოძიების თანახმად, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულთა ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რითაც ხელყვეს მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი ხელშეუხებლობა.

საქმეებში ასევე ფიგურირებს დაზარალებული არასრულწლოვანიც, კერძოდ:

„ 1977 წელს დაბადებული ზ.ქ. 2022 წლის მაისში, სოციალური ქსელის მეშვეობით, არასრულწლოვანს სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ესაუბრებოდა, უგზავნიდა სექსუალური აქტის და სხვა ინტიმური შინაარსის ამსახველ ვიდეოებს. ასევე, თავადაც სთხოვდა მსგავსი ფოტოების და ვიდეოების გადაღებას. ზ.ქ-მ მოპოვებული და უნებართვოდ შენახული არასრულწლოვნის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა, კერძოდ, გადაუგზავნა არასრულწლოვანი დაზარალებულის თანაკლასელს, რითაც ხელყო პირადი ცხოვრების საიდუმლო და სქესობრივი ხელშეუხებლობა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებულმა ე.შ-მ და 1986 წელს დაბადებულმა ნ.მ.-მ 2022 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით უკანონოდ მოიპოვეს და ინახავდნენ სხვა პირის შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, რაც შანტაჟის მიზნით გაავრცელეს, კერძოდ, გადაუგზავნეს დაზარალებულის ოჯახის წევრს. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება ხელყვეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებულმა ბ.ბ-მ ქ. თბილისში, 2022 წლის სექტემბრის თვეში, უკანონოდ მოიპოვა და უნებართვოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერს. ბრალდებული ბ. ბ. 2022 წლის ოქტომბრის განმავლობაში, აღნიშნული ვიდეოების გასაჯაროების მუქარით, დაზარალებულს თანხას სისტემატურად ართმევდა, რითაც ხელყო დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლო და მიაყენა მატერიალური ზიანი“.

გარდა ამისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ასევე მხილებულია 3 პირი, რომლებიც სხვადასხვა დროს თბილისსა და სამეგრელოში უკანონოდ იღებდნენ დაზარალებულებთან სქესობრივი აქტის ამსახველ ვიდეოებს და ინტიმური შინაარსის ფოტოებს, რომლებსაც მობილურ ტელეფონებში უკანონოდ ინახავდნენ. ასევე, მისი გავრცელების მუქარით, დაზარალებულებს ინტიმური ხასიათის ახალი ფოტოების გადაღებას და გადაგზავნას აიძულებდნენ.

საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულ 6 პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება  წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით [პირადი ცხოვრების მონაცემების უკანონო მოპოვება/გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია], ხოლო 1 პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 141-ე მუხლით [გარყვნილი ქმედება].

157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო 141-ე მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი