ახალი ამბები

ექიმის თქმით, წითლიძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

26 დეკემბერი, 2022 • 800
ექიმის თქმით, წითლიძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე მე-12 დღეა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

ექიმ თამარ სვანიძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

„მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ინტოქსიკაციის ნიშნები წამოვიდა. გაძლიერებულია თავბრუსხვევა, გულისრევა, სისუსტე, ადვილად დაღლა, გონებაგაფანტულობა, აპათია, ძილიანობა… კანი ჰიპერემიულია, თვალები — შეშუპებული და ჩავარდნილი, ენა — მშრალი. მე ვიტყოდი, რომ პაციენტს დეკომპენსაციის პერიოდი დაეწყო, ორგანიზმი შიმშილობას ვეღარ ასტაბილურებს. ძალიან მძიმედ მიდის პროცესი და ჩვენი რეკომენდაციაა, შეწყვიტოს შიმშილობა“, — განაცხადა ექიმმა.

მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა, წითლიძე აცხადებს, რომ შიმშილობის გზით პროტესტს აგრძელებს.

„დღევანდელი გადმოსახედიდან ზვიად გამსახურდიას ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგეებისთვისაც კი გამსახურდიას არანაირი შეცდომა ან რიტორიკა არ ღირდა იმად, რა ჯოჯოხეთის შემდეგ გაიარა ქვეყანამ. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე და იმაზე, რომ ეს სიძულვილი, რაშიც ახლა ყველას გვაცხოვრებენ და ანგარიშსწორება პრეზიდენტ სააკაშვილზე არის ის, რისიც თავის დროზე აუცილებლად შერცხვებათ“, — განუცხადა წითლიძემ ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტში თავდაპირველად შიმშილობა სამმა დეპუტატმა (დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და აბდულა ისმაილოვი) 15 დეკემბერს გამოაცხადა, შემდგომ დაემატა თემურ ჯანაშიაც. ამ ეტაპზე პარლამენტში მხოლოდ ანი წითლიძე შიმშილობს, სხვა დეპუტატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით შიმშილობა შეწყვიტეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი