რუსეთის სახელმწიფო დუმა გეგმავს, რომ მიიღოს საკანონმდებლო შესწორებები, რომლითაც ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებს გადასახადებს გაუზრდის.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩისლავ ვოლოდინმა თავადვე გაავრცელა ტელეგრამზე .
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აუცილებელია ქვეყნიდან წასულებს გარკვეული უპირატესობა ან შეღავათი დაუწესდეს, რათა ისინი დაბრუნდნენ. ეს არასწორია.
სრულიად ნათელია, რატომაც გაიქცნენ. ვინც გაიაზრა, რომ შეცდომა დაუშვა – უკვე დაბრუნდა. დანარჩენებს კი უნდა ესმოდეს: [რუსული] საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ საქციელს მხარს არ უჭერს და მიიჩნევს, რომ მათ, თავიანთი ქვეყანა, ოჯახი და ახლობლები გაჰყიდეს,“ – წერს ვოლოდინი.
ის დასძენს, რომ დღემდე წასულების დიდი ნაწილი რუსულ კომპანიებში დისტანციურად აგრძელებენ მუშაობას და ამასთანავე, სარგებლობენ შეღავათებით.
„სწორი იქნება, თუ რუსეთის ფედერაციიდან წასულ მოქალაქეებს უპირატესობას გავუუქმებთ და შემოვიღებთ მათთვის გადასახადების გადახდის უფრო მაღალი განაკვეთი დაწესდეს. ეს სამართლიანი იქნება. ვმუშაობთ შესაბამის ცვლილებებზე კანონმდებლობაში,“ – წერს ის.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მმართველმა პარტიამ „ედინაია რასიამ“ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც რუსეთის მოქალაქეების ნაწილს დისტანციური მუშაობა ეკრძალება.
არსებული ცნობებით, ამ ცვლილებით რუსეთი აპირებს, რომ IT სპეციალისტების ქვეყნიდან გადინება შეაჩეროს.
ვრცლად:
რუს IT სპეციალისტებს შეიძლება დისტანციურად მუშაობა აუკრძალონ







