ახალი ამბები

რუს IT სპეციალისტებს შეიძლება დისტანციურად მუშაობა აუკრძალონ

21 დეკემბერი, 2022 •
რუს IT სპეციალისტებს შეიძლება დისტანციურად მუშაობა აუკრძალონ

რუსეთის მმართველმა პარტიამ „ედინაია რასიამ“ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც რუსეთის მოქალაქეების ნაწილს დისტანციური მუშაობა ეკრძალება.

როგორც გამოცემა Meduza წერს, კანონპროექტი ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა საზღვარგარეთ იმყოფებიან. რაც შეეხება სპეციალობებს – თუ კანონპროექტი დამტკიცდა, პროფესიათა ნუსხას, რომლებსაც აკრძალვები შეეხებათ, რუსეთის მთავრობა გადაწყვეტს.

კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის დუმაში ფრაქცია „ედინაია რასიას“ ხელმძღვანელის მოადგილმე, ანდრეი ისაევმა გაავრცლა. მანვე თქვა, რომ დოკუმენტის მიზანი „რუსეთის მოქალაქეების დაცვაა“.

მანამდე რუსული გამოცემა „ვერსტკა“ წერდა, რომ დოკუმენტი ძირითადად შეეხებოდა IT სფეროს, ჩინოვნიკებსა და სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულ პირებს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს ასი ათასობით მოქალაქე ტოვებს, მათი ნაწილი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას. ეს ძირითადად ეხება IT სფეროს. რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ დაახლოებით 100 ათასი IT სპეციალისტმა დატოვა ქვეყანა.

რუსეთის ციფრული განვითარების მინისტრის, მაკსუტ შადაევის ინფორმაციით, წასულ IT სპეციალისტებს შორის 80% აგრძელებს „რუსული კომპანიებისთვის მუშაობას, მაშინ, როდესაც თავად მეგობრულ ქვეყნებში იმყოფებიან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი