ახალი ამბები

ირანი ჯერ უარს ამბობს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე – ბუდანოვი

24 დეკემბერი, 2022 • 1007
ირანი ჯერ უარს ამბობს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, ირანი კვლავ უარს ამბობს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე, მაგრამ მან უკვე გაყიდა დაახლოებით 1 700 დრონი, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინაში ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე იყენებს.

ამის შესახებ ბუდანოვმა New York Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, მოსკოვმა შესთავაზა ირანის სამხედრო ინდუსტრიას სამეცნიერო სიახლეები, თეირანის დასარწმუნებლად, თუმცა ირანი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს იარაღის სანაცვლოდ სანქციების მოსალოდნელი გამკაცრების გამო.

ბუდანოვი ამბობს, რომ რუსეთმა ირანიდან უკვე შეიძინა 1700 დრონი, რომელთაგან 540 რუსეთმა უკვე გამოიყენა ფრონტის ხაზის გასწვრივ და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ტაქტიკური დარტყმისთვის.

მისი თქმით, ამ დრონების უმეტესობის ჩამოგდებას უკრაინა ახერხებს. მან აღნიშნა, რომ ეს იაფფასიანი დრონებია, ერთეულის ფასი დაახლოებით 7 ათასი დოლარია, თუმცა უცნობია, რეალურად რამდენს უხდის რუსეთი თეირანს ამ იარაღში.

ირანული დრონები რუსეთმა ომში სექტემბერში ჩართო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონი „შაჰედ 136“ პირველად 2022 წლის 13 სექტემბერს, კუპიანსკში ჩამოაგდეს.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ირანულ დრონებს ამ ეტაპზე თავისი ტერიტორიიდან, კრასნოდარის ოლქიდან უშვებს.

დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ მანამდე ირანული დრონების გასაშვებ ადგილად, ძირითადად, ოკუპირებული ყირიმი გამოიყენებოდა. გაშვების ადგილის შეცვლა, სავარაუდოდ, გამოწვეულია რუსეთის სიფრთხილესთან ყირიმის დაუცველობასთან დაკავშირებით. ამავდროულად ახალი ადგილი მოსახერხებელია რუსეთში იარაღის სავარაუდო ჩამოსვლის ადგილიდან, ასტრახანიდან მარაგების შესავსებად, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი