ახალი ამბები

562 ქალი პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს

24 დეკემბერი, 2022 • 1288
562 ქალი პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს

562 ქალი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს გამოიყენოს კონსტიტუციური ბერკეტები მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. ამის შესახებ განცხადებას პარტია “დროა” ავრცელებს.

განცხადებაში ქალები წერენ, რომ მათ ადამიანის სიცოცხლის, საქართველოს ევროპული პერსპექტივის, სამოქალაქო თანხმობისა და მშვიდობის შესაძლებლობის გადარჩენის ამოცანა აერთიანებთ.

ისინი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს აქვს კონსტიტუციური ვალდებულებები დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებს და არ დაუშვას სასტიკი მოპყრობა და სიკვდილით დასჯა, და მათთვის მიუღებელია ამ ვალდებულებებზე უარის თქმა.

“ქალბატონო სალომე, გადადგით ნაბიჯი, რომელსაც თქვენგან საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვს. იმოქმედეთ, რათა თანამედროვე საქართველოში მეორედ და დიდი ხნით არ დავკარგოთ ძალა ერთმანეთის გაგონების. ერთმანეთში ადამიანის პოვნისა და დაფასების. გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად. აღასრულეთ საქართველოს გონიერი და ჰუმანური მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობრების მოწოდება – მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ნიკა გვარამიას შესაწყალებლად.

არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებაში მოკვლა და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმის პერსპექტივის გაქრობა. სასწრაფოდ იმოქმედეთ შემდგომი პოლარიზაციის და სახელმწიფოს დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ. მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – დამოუკიდებელი, პროდასავლური საქართველოს იდეისთვის, სადაც არავინ შეიძლება დევნონ, აწამონ და მოკლან ვლადიმირ პუტინის
სცენარის მიხედვით.

მოგიწოდებთ, შეასრულეთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური, ისტორიული და ადამიანური ვალდებულება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი