„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო პროცესი მიზანმიმართულად ჭიანურდება და მის გონივრულ ვადაში დასრულებას ითხოვს.
„სასამართლო იმას კი არ წყვეტს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, არამედ იმას, უნდა იცოცხლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თუ არა. მე არაერთხელ ვთქვი, რომ ვითვალისწინებთ დაცვის სტრატეგიას, რომ ველოდებით ვერდიქტს. ვამბობდი იმასაც, რომ ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში ვერაფერი დარჩება ძველებურად. მაგრამ დრო არ ითმენს. პროცესმა მიიღო იმგვარი სახე და ისე გაიწელა, რომ საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ნეგატიური გადაწყვეტილება, არამედ დადებითიც, თუ ის დროულად არ იქნა გამოტანილი“, — ნათქვამია ნიკა მელიას განცხადებაში, რომელსაც ენმ ავრცელებს.
ნიკა მელიას მიაჩნია, რომ თავისუფლად შესაძლებელია სასამართლო პროცესის წლის ბოლომდე დასრულება.
„ყველა ვხედავთ, როგორ ხდება პროცესის მიზანმიმართულად გაჭიანურება. გამომდინარე აქედან, ვითხოვთ, გონივრულ ვადაში დასრულდეს პროცესი. შესაბამისად, ან ხვალ ყველა ერთად გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში, ან ყველამ, ვისაც გვაქვს სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია, უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი — რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია — შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმაც!“ — აცხადებს მელია,
მისი თქმით, საქართველომ არ უნდა დაუშვას 1993 წლის დეკემბერში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც გადაწყვიტა არა მხოლოდ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურიდას ბედი, არამედ ქვეყნის შემდგომი უბედობა.
„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს არჩევანი, რომელიც შეიძლება სულ მალე აღარ გვქონდეს. არ უნდა დავუშვათ, რომ არ გვქონდეს არჩევანი, არ უნდა დავუშვათ, მოკლული იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მინდა ყველამ მკაფიოდ გაიგოს და კარგად შეიგნოს, გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ მეთოდს ამისათვის“, — აცხადებს ნიკა მელია.
სააკაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს, 11:00 საათზე არის ჩანიშნული.